12 აგვისტო 2022,   13:10
ვრცლად
ბათუმში დღეს მეზღვაურთა დღე აღინიშნა - საზღვაო სასწავლებლის კურსანტებმა დღესვე მეზღვაურთა ფიცი დადეს

მეზღვაურის დღეს, საზეიმო მსვლელობა ორკესტრის თანხლებით წელსაც ბათუმის ცენტრალური პარკიდან საზღვაო ნავსადგურამდე გაგრძელდა. მსვლელობაში საზღვაო სასწავლებლების კურსანტები, სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობა და მეზღვაურები მონაწილეობდნენ.

საზღვაო სასწავლებლის კურსანტებმა დღესვე დადეს მეზღვაურთა ფიციც. მომავალმა მეზღვაურებმა საჯაროდ დადეს პირობა, რომ პირნათლად შეისწავლიან საზღვაო საქმეს და გაუფრთხილდებიან პროფესიულ ღირსებას.

პროფესიული დღე მოქმედ, ყოფილ და მომავალ მეზღვაურებს მთავრობის წევრებმა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიულოცეს. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართული საზღვაო ისტორიის მანძილზე ქართველი მეზღვაური ასოცირდება მაღალ კვალიფიკაციასთან, გამძლეობასთან და სიმამაცესთან.

საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მთავრობის წევრებმა შორეული ნაოსნობის მოქმედ და ყოფილ მეზღვაურებს ჯილდოები გადასცეს. მათ შორის, ჯილდო დაიმსახურა ყოფილმა მეზღვაურმა ვაჟა გოგუაძემაც, რომელსაც ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები შორეულ ნაოსნობაში აქვს გატარებული.

მთავარი ღონისძიების დასასრულს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ მეზღვაურებს და ტრადიციულად გვირგვინი ზღვაში ჩაუშვეს.

დღის ამბები