10 აგვისტო 2022,   22:08
ვრცლად
სტიქია მცხეთა-მთიანეთში - ჟინვალში ბეტონის ქარხანა და ხის საწარმოები დაიტბორა

ჟინვალში ბეტონის ქარხანა დაიტბორა. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხის საწარმოების ნაწილიც დაზიანებულია. ზარალის ოდენობა უცნობია, მფლობელები დახმარებას ითხოვენ.

"დიდია ზარალი, თუ რამე იყო დაანგრია და წაიღო. ღამის 02:20 საათზე გადმოვიდა წყალი, მოანგრია ჯებირიც და წაიღო ყველაფერი. კაციშვილს ფეხი არ მოუდგამს, რომ ეთქვა, ასეთი ამბავი ხდება და ფრთხილად იყავითო," - აცხადებს ბეტონის ქარხნის წარმომადგენელი კობა აფციაური.

ქარხნის კიდევ ერთი წარმომადგენლის დავით აფციაურის თქმით, შესაბამისი უწყებებიდან ისინი არავის გაუფრთხილებია. 

"შიგნით ვერ შევდივართ, იმიტომ რომ წყლის დონე დიდია და ზიანი რა არის არ ვიცით. არ მოხდა გაფრთხილება. მესმის რომ სტიქიაა, შეკავება ვერ მოხდებოდა, მაგრამ როცა ფარებს აღებ ამხელა ჰესის, გაფრთხილება უნდა მისცე მუნიციპალიტეტს, რომ მოსახლეობა გააფრთხილოს,"- ამბობს დავით აფციაური.

ხის საწარმოს მფლობელები ამბობენ, რომ წყალმა წაიღო ხის მასალა და დატბორა ძვირადღირებული დანადგარები:

"მთლიანად მოიცვა ჩვენი საამქროები, მთლიანად დატბორა. ძვირადღირებული დანადგარები გვიყენია და სულ წყალშია. პრაქტიკულად წაიღო მთელი ხის მასალა რაც გვქონდა გამზადებული,"- აცხადებს არჩილ ჯამაღიძე.

ზარალის დათვლის დაწყებას საწარმოების ხელმძღვანელები მას შემდეგ ვარაუდობენ, რაც წყლის დონე დაიწევს და გაწმენდითი სამუშაოების დაწყება გახდება შესაძლებელი.

დღის ამბები