10 აგვისტო 2022,   20:44
ვრცლად
"მოვუწოდებ პარლამენტის სხვა წევრებსაც, ვინც "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს ჯერ კიდევ პარლამენტში, დატოვეთ "ქართული ოცნება" - გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნებიდან" 3 წევრის წასვლის შესახებ შეფასებები გრძელდება ოპოზიციურ სპექტრში. მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, მათ არ სჯერათ, რომ სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა რეალურად დატოვეს "ქართლი ოცნება" და აცხადებენ, რომ ისინი მომავალშიც მმართველი პარტიის ინტერესებს გაატარებენ.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე პარლამენტის სხვა წევრებს, რომლებიც მმართველ გუნდს წარმოადგენენ, მოუწოდებს დატოვონ "ქართული ოცნების" რიგები.

"ქართული ოცნება ძალიან კარგად ხედავს, რომ მათი ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული მოახლოვდა და შესაბამისად, მათ რაღაცა არასტანდარტული ნაბიჯები უნდა გადადგან. მოვუწოდებ პარლამენტის სხვა წევრებსაც, ვინც ქართულ ოცნებას წარმოადგენს ჯერ კიდევ პარლამენტში, დატოვეთ ქართული ოცნება, მანამ, სანამ ის ანტიდასავლური წყალი არ გადმოგესხმებათ თქვენც პერსონალურად," - ამბობს გიორგი ვაშაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართლი ოცნების“ უკვე ყოფილი წევრების საჯარო განცხადებები მოჰფენს ნათელს, რა გახდა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების რეალური მიზეზი.

"ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვი, ვარაუდები მაქვს, მაგრამ ალბათ უახლოეს მომავალში გამოჩნდება, რა იყო და როგორ იყო. ერთი ფაქტია, რომ რაღაცასთან გვაქვს საქმე და არა მხოლოდ იმასთან, რაც საჯაროდ გვითხრეს. უახლოესი მომავალი, მათი პოზიცია, განცხადებები გვაჩვენებს რა იყო და როგორ იყო. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რაც გვითხრეს საჯაროდ, ჩემი ღრმა რწმენით, იმის უკან კიდევ რაღაც დგას და რამდენიმესვლიან კომბინაციასთან გვაქვს საქმე," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, მიხეილ დაუშვილი "ქართული ოცნების" უკვე ყოფილი წევრებისგან ანტიდასავლურ რიტორიკას ელოდება. 

"მათი ამოცანა, დიდი ალბათობით, იქნება ლანძღვა-გინება დასავლეთის, ევროპის, შეერთებული შტატების. თუმცა, ეს ხომ არსებითად სურათს არ ცვლის. შინაარსობრივად ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ბატონი ივანიშვილი გახდა ქვეყნისთვის პირდაპირ წინაღობა იმისა, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის  ნაწილი," - ამბობს მიხეილ დაუშვილი. 

დღის ამბები