09 აგვისტო 2022,   12:19
ვრცლად
რას ამბობენ მოკლული ბიზნესმენის ოჯახში? - დავა წილებზე, 90-იანების შურისძიება, თუ კვარაცხელიას ვენდეტა

წყნეთის გზატკეცილზე მოკლული ბიზნესმენის, ლევან კაჭარავას ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს მედიაში გავრცელებულ ვერსიას, რომ თითქოს ეს იყო “კანონიერი ქურდის“, გია კვარაცხელიას შურისძიება შვილის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის გამო.

“თუკი რამეში შეიძლება ადამიანი 100 პროცენტით იყოს დარწმუნებული, ეს არის სწორედ ამ ვერსიის აბსურდულობა. ლევანი არ იყო ის ადამიანი, რომ მსგავს საქმესთან რაიმე სახით ყოფილიყო დაკავშირებული. კატეგორიულად გამოვრიცხავ“, - ამბობს “კურიერთან“ ინტერვიუში მოკლული ბიზნესმენის დეიდაშვილი, სალომე კობალაძე.

ოჯახი, ასევე, გამორიცხავს ვერსიას, რომ შესაძლოა ეს 1990-იანი წლების შურისძიება და, კონკრეტრულად, ძმები თორაძეების საქმეს უკავშირდებოდეს.

“ეს ვერსიას არის ჭორი და აბსურდი. მაშინ სპეცოპერაცია ჩაატარა ოფიციალურმა სტრუქტურებმა, მათ შორის, მხედრიონმა და არც ლევანი, არც მისი საახლობლო წრიდან ვინმე ადგილზე არ ყოფილა“, - ამბობს სალომე კობალაძე.

მისივე თქმით, ბიზნეს წილებთან დაკავშირებით ლევან კაჭარავას არ ჰქონია არანაირი პრობლემა ,არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ, აქედან გამომდინარე, ოჯახი ვერ აკონკრეტებს, თუ ვინ შეიძლება იდგეს შეიარაღებული თავდასხმის უკან.

ოჯახის ინფორმაციით, ბიზნესმენი საქართველოში რამდენიმე დღის წინ, მამის ორმოცზე დაბრუნდა და არასდროს ჰქონია ეჭვი, რომ ვინმე უთვალთვალებდა. როგორც გარდაცვლილის დეიდაშვილი ჰყვება, ლევან კაჭარავა იარაღს არ ატარებდა და არც დაცვით გადაადგილდებოდა.

ოჯახს, ჯერჯერობით, კომუნიკაცია არ ჰქონია პირთან, რომელიც შემთხვევის დროს ლევან კაჭარავასთან ერთად გადაადგილდებოდა, შესაბამისად, მათთვის უცნობია, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა 32 წლის ბუღალტერმა, ირაკლი აბულაძემ გამოძიებას.

დღის ამბები