29 ივნისი 2022,   19:47
ვრცლად
ჩვენ, ბუნებრივია, პრეზიდენტის ვეტოს მხარს დავუჭერთ, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი ცალკეული ვეტოებით პრობლემა არ გადაწყდება - ლევან ბეჟაშვილი

პრეზიდენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო.

ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის პოზიციას იზიარებს და ამბობს, რომ არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხებია გასაცემი. პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პრობლემის აღმოსაფხვრელად ცალკეული ვეტოები საკმარისი არ არის.

"სისხლის სამართლის საქმის საპროცესო ცვლილებებზე ვეტოს დადება ძალიან მნიშვნელოვანი არის, თუმცა არასაკმარისია. ჩვენ პრეზიდენტს ადრეც ვთხოვდით მაგალითად სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში ვეტოს გამოყენების უფლებას. ახლა აქ მოსმენებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ეს ვეტო. ჩვენ, ბუნებრივია, ამ ვეტოს განხილვაში მონაწილეობას მივიღებთ და პრეზიდენტის ვეტოს მხარს დავუჭერთ, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი ცალკეული ვეტოებით და ღონისძიებებით პრობლემა არ გადაწყდება," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრი ჰერმან საბო მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორია თუნდაც იმით, რომ გარე მეგობრებს დავანახოთ ქვეყნის შიგნით იმ ადამიანების არსებობა, რომლებიც ამ საკითხს კრიტიკულად უყურებენ.

"პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, რომ ასეთი თუნდაც პოლიტიკური ვეტოები დაადოს, რომელიც მერე შეიძლება დაიძლიოს, ჩემი აზრით, მაინც სწორია, როგორც მინიმუმ, აჩვენებს ჩვენს გარე მეგობრებს, რომ ქვეყნის შიგნით არის ადამიანები, რომლებიც ამას კრიტიკულად უყურებენ, ამ შემთხვევაში ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა ამ ფუნქციით. მეორე, რომ აჩვენებს იმას, რომ ამ თემაზე ძალიან  ბევრი არის სალაპარაკო საზოგადოებაშიც. როგორც მინიმუმ ამ საკითხის უკან და პარლამენტში დაბრუნებით, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ უფრო მეტი ვილაპარაკოთ იმაზე თუ რამდენად არასწორი კანონია კონკრეტულად ეს კანონი," - განაცხადა ჰერმან საბომ.

დღის ამბები