29 ივნისი 2022,   01:31
ვრცლად
პრემიერის გამოსვლა პარლამენტში - ოპოზიციას მიაჩნია, რომ ხელისუფლება სიტუაციის შემსუბუქებას არ ცდილობს

პრემიერის გამოსვლა პარლამენტში დილიდან შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. კრიტიკულია მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასება, რომლებიც ამბობენ, რომ გზავნილები ანტიევროპული იყო და პრემიერმა ძირითადი დრო "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას დაუთმო.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო ტრიბუნა პოლიტიკურ განცხადებებისთვის გამოიყენა.

"ეს იყო გამიზნული საბოტაჟი ევროკავშირში ჩვენი განაცხადის წარმატების და თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა რომ ჩვენ დავკარგოთ შანსი, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ, მე მგონი, გუშინ პრემიერ-მინისტრმა ამის ძალიან ნათელი დემონსტრაცია მოახდინა პარლამენტში," - ამბობს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ გუშინდელი გამოსვლიდან გამოჩნდა, რომ მმართველი გუნდი არაფრის გაკეთებას არ აპირებს იმ წინაპირობების შესასრულებლად, რამაც ქვეყანას უნდა მისცეს კანდიდატის სტატუსი.

"ეს არ იყო ანგარიში და ამით პრემიერმა კიდევ ერთხელ დაარღვია რეგლამენტი. მიზნად ისახავდა ორ რამეს, ერთის მხრივ, საქართველოს მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ ევროპა შეცდა და ევროპა ცუდია და საქართველო უკეთესია არა თუ უკრაინასა და მოლდოვაზე, არამედ რიგ ევროპულ ქვეყნებზე და მეორე, რომ ის არაფრის გაკეთებას არ აპირებს იმ წინაპირობების შესასრულებლად, რამაც ქვეყანას უნდა მისცეს კანდიდატის სტატუსი და საბოლოო ჯამში, ევროკავშირში გაწევრიანება," - ამბობს თეონა აქუბარდია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ პარლამენტში გუშინდელი პრემიერის მისვლა იმის მანიშნებელი იყო, რომ მათ არ სურთ სიტუაციის შემსუბუქება და დაპირისპირებას აგრძელებენ.

"პარლამენტში თანამდებობის პირების მოსვლა და მათი მოსმენა რაღაცნაირი ბუტაფორიაა, სადაც ადამიანები იმისთვის კი არ მოდიან, რომ კითხვებს უპასუხონ, არამედ მოდიან იმისთვის, რომ რაც სათქმელი აქვთ ეს ილაპარაკონ პარლამენტის ტრიბუნიდან, მიუხედავად იმისა, თუ რა კითხვები არსებობს საზოგადოებაში," - განაცხადა იაკო ხვიჩიამ. 

დღის ამბები