29 ივნისი 2022,   01:46
ვრცლად
რატომ ეწინააღმდეგება თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლას - აშშ აცხადებს, რომ ჰელსინკის და სტოკჰოლმის მოლაპარაკებები ანკარასთან კონსტრუქციული იყო

შეერთებული შტატების ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ თურქეთი, შვედეთი და ფინეთი შეთანხმდებიან და ორი ძლიერი ჩრდილოეთევროპული სახელმწიფო ალიანსის რიგებს შეემატება. სენატში გამოსვლის დროს, სახელმწიფო მდივნის მოადგილე კარენ დონფრიდმა დღეს უთხრა კანონმდებლებს, რომ ჰელსინკის და სტოკჰოლმის მოლაპარაკებები ანკარასთან კონსტრუქციული იყო.

"ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიიწვია მხარეები მისი შუამავლობით მოლაპარაკებისთვის. ეს იყო ორშაბათს. ჩვენ გავიგეთ, რომ ის კონსტრუქციული იყო. გვჯერა, პროგრესი იქნება და საშუალებას მოგვცემს გაწევრიანების პროტოკოლზე ხელმოწერის და რატიფიცირების პროცესის გასაგრძელებლად,"- აცხადებს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპის და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდი.

"მათთან დისკუსიის პროცესში ვართ. იმედი გვაქვს, რადგან რეალურად ვფიქრობთ, რომ სრულიად ალიანსის და მისი უსაფრთხოების გაძლიერება შეგვიძლია. ჩვენ საომარ ვითარებაში ვართ და არ გვგონია, ახლა ამ საკითხების დრო იყოს. ტერორიზმის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლები ვართ და ჩვენს თურქ მეგობრებთან დიალოგი გვაქვს,"-აცხადებს შვედეთის ელჩი აშშ-ში კარინ ოლოფსდოტერი.

ვაშინგტონი თურქეთის პრეტენზიებს სერიოზულად ეკიდება. ეს დღეს კარენ დონფრიდმაც დაადასტურა. ამასთან, ალიანსში შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებას ძლიერი მხარდაჭერა აქვს, როგორც ადმინისტრაციაში, ასევე ორივე პარტიიდან, კონგრესის ორივე პალატაში. "რუსთავი-2"-ს დღეს საშუალება ჰქონდა, ამ საკითხზე სენატორებთან ესაუბრა. ყველა თანხმდება, რომ ფინეთიც და შვედეთიც, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას გააძლიერებენ. ამის მიუხედავად, ნატოს გაფართოებაზე ვაშინგტონს ანკარასთან პირდაპირი დიალოგი არ აქვს, რადგან ეს 2 ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობის საკითხი არ არის.

"შვედეთიც და ფინეთიც ძლიერი დემოკრატიები არიან და ინოვაციური საბაზრო ეკონომიკა აქვთ. ასევე, ისინი ფლობენ ინოვაციურ და ტექნოლოგიურად ქმედითუნარიან სამხედრო ძალას. მათ, ასევე, თავდაცვის და დიპლომატიური თვალსაზრისით, თანამშრომლობის დიდი ისტორია აქვთ. ამ ქვეყნების ღირებულებები კარგად შეესაბამება ნატოს ღირებულებებს. მათი შემოსვლა იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ვლადიმირ პუტინის უკანონო შეჭრა უკრაინაში სრული საწინააღმდეგო ეფექტი ჰქონდა და ის წარუმატებელია,"-აცხადებს სენატორი ვირჯინიის შტატიდან  თიმ ქეინი.

სენატორებს "რუსთავი 2-მა" ჰკითხა, ასპირანტი ქვეყნების შესახებაც, რომლებიც არათუ წევრობას, წლებია ჯერ წევრობის სამოქმედო გეგმას ელოდებიან. სავარაუდოდ, ალიანსისკენ გზამ, კრემლის რეჟიმის კიდევ უფრო დასუსტების ფონზე უნდა გაიაროს. თუმცა აუცილებლად, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების თანხლებით.

"ნატოს შიგნით ქმედებას ერთიანობა სჭირდება. გამოწვევები იყო. რუსეთმა მოახერხა ქვეყნის ნაწილების გაკონტროლება, რაც ნატოში გაწევრიანებისთვის მეტ გამოწვევად იქცა. ჩვენი ამოცანაა, მოხდეს სრული ინტეგრაცია. ნატოში გაწევრიანების ნაწილია იმის უზრუნველყოფა, რომ ძლიერი ინსტიტუტები და დემოკრატიული მთავრობაა,"-აცხადებს სენატორი მერილენდის შტატიდან ბენ კარდინი.

"მნიშვნელოვანია ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაში ინვესტირების გაგრძელება და მკაფიოდ გამოხატვა, რომ სამომავლოდ პოტენციური ახალი წევრის მიღებას მივესალმებით. ევროკავშირსა და ნატოში მიღება არის და უნდა იყოს გახსნილი და მასზე ვიმუშაოთ,"-აცხადებს სენატორი დელავერის შტატიდან კრის კუნსი . 

თურქეთის პრეტენზიები ფინეთის და შვედეთის მიმართ და მისი წინააღმდეგობა ალიანსში ამ ქვეყნების გაწევრიანების გზაზე, ეფუძნება ანკარის მტკიცებას, რომ ტერორისტულ ჯგუფებს, კერძოდ კი ქურთების მუშათა პარტიას, ჰელსინკის და სტოკჰოლმის მხარდაჭერა აქვთ. ასევე იარაღის ემბარგოს. სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ ფინეთის და შვედეთის ალიანში შესვლა, გააძლიერებს ნატოს კოლექტიურ თავდაცვას და სარგებლის მომტანი იქნება, ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებისთვის.

დღის ამბები