29 ივნისი 2022,   00:39
ვრცლად
TV პირველის ოპერატორის ცემის ფაქტზე ბათუმში საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ქალაქ ბათუმში, TV პირველის ოპერატორის ცემის ფაქტზე 2 პირი დააკავა. 

უწყების ცნობით, დაკავებულები არიან 2001 წელს დაბადებული მოქალაქეები. მათი ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით,  რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 18 ივნისს, 23:15 საათზე, ქალაქ ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, TV პირველის ოპერატორი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა -  რესპოდენტთან ერთად პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდა, რა დროსაც მასთან ბრალდებულები მივიდნენ და TV პირველის საქმიანობასთან დაკავშირებით აგრესიული საუბრითა და გინებით უკმაყოფილება  გამოთქვეს. აღნიშნულის შემდეგ, ოპერატორსა და ბრალდებულებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ბრალდებულებმა ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ",- აღნიშნულია განცხადებაში. 

საგამოძიებოს ცნობით, გამოიკითხნენ დაზარალებული ოპერატორი და რესპოდენტები, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მოძიებული და გამოკითხული იქნენ ფაქტის თვითმხილველი პირები, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კერძო და საჯარო ობიექტებიდან გამოთხოვილი იქნა შემთხვევის ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეო კამერის ჩანაწერები - მთლიანობაში 8 საათიანი მონაკვეთი, მოხდა მათი შესწავლა, დამუშავება და დანაშაულში მხილებული პირების იდენტიფიცირება.

დღის ამბები