29 ივნისი 2022,   19:34
ვრცლად
თბილისში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი იმართება- რიგით 24-ე ფესტივალს ისევ ექსპო-ჯორჯია მასპინძლობს

უკრაინული წარმოშობის რუს ჟურნალისტს, ანა პოლიტკოვსკაიას სიმართლის სამსახური სიცოცხლის ფასად დაუჯდა. მწერალი რუსეთის ხელისუფლებას ამხელდა. მისი წიგნი ”პუტინის რუსეთი” კრემლის სისასტიკეზე მოგვითხრობს. წიგნი, რომელიც თავად რუსეთში არასდროს გამოცემულა , მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ბესთსელერია. მკითხველს ანა პოლიტკოვსკაიას ნაწარმოები წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, გამომცემლობა ინტელექტის სტენდთან დახვდება.

წიგნის მოყვარულები ფესტივალზე კიდევ ერთი საინტერესო წიგნი დახვდებათ. გიორგი ბაქრაძის ”ეკონომიკის ისტორიის სქოლიოებიდან”. წიგნი ყველასთვის გასაგები ენით და იუმორით იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, ვინც მსოფლიო ისტორია განსხვავებული თვალით დაინახა.

პანდემიის გამო, ორ წლიანი პაუზის შემდეგ, წიგნის 24- ე საერთაშორისო ფესტივალი, განახლებული პროექტებით დაბრუნდა. ფესტივალს ყოველწლიურად ფოკუსში სხვადასხვა ქვეყანა ჰყავს. წელს ფოკუს ქვეყანა თურქეთია. სტენდებზე ათამდე თურქი ავტორის წიგნია.

ტრადიციულად წელსაც სტუმრებისთვის ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ეპიზოდებს მსახიობები კითხულობენ.

ფესტივალზე მოწყობილია საბავშვო სივრცეც. პატარა მკითხველებს საყვარელ წიგნებთან ერთად, შემეცნებითი და გასართობი კუთხეც დახვდებათ.

ფესტივალს ყოველ წლიურად ექსპო ჯორჯია მასპინძლობს, სადაც ნებისმიერი ასაკის თუ გემოვნების მკითხველი იყრის თავს. ეწყობა დისკუსიები. მკითხველს შესაძლებლობა აქვს, საყვარელ მწერლებს შეხვდეს.

”საქართველო მხარს უჭერს უკრაინას” - ეს წლევანდელი ფესტივალის ლოზუნგია. წიგნის ფესტივალი უკრაინის მხარდასაჭერად, უკრაინელი მხატვრების ილუსტრაციებს გამოფენს, რომელიც რუსეთ- უკრაინის ომის თემაზეა შექმნილი. წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი ხვალ დაიხურება.

დღის ამბები