12 აგვისტო 2022,   06:13
ვრცლად
ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს მოვხსნით იმისათვის, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება - ირაკლი რაღიბაშვილი

ჩვენ, ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე, "ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ ყველანი ვართ ვალდებულნი, როგორც საელმწიფო, როგორც ხელისუფლება, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი, იმისთვის, რომ ის კავშირი, რომელიც არსებობს დიასპორასა და სახელმწიფოს შორის, ეს კავშირი კიდევ უფრო გავაძლიეროთ, მეტად ეფექტური გავხადოთ და რაც მთავარია , ეს ყველაფერი უნდა იყოს შედეგებზე ორიენტირებული.ჩემი დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა, სექტემბერში შესაბამისი კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს და ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს თავისი ქართული პასპორტის აღება.

რატომ იყო მაგალითად წლების განმავლობაში, რომ უცხოეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლისთვის პასპორტის აღების ღირებულება იყო 130 აშშ დოლარი, თუ არ ვცდები და ამ დროს საქართველოში ორჯერ, სამჯერ უფრო ნაკლები. ამაზეც ვისაუბრეთ და ბატონი რატი ბრეგაძის ინიციატივით ეს ტარიფებიც რა თქმა უნდა გათანაბრდება. არავითარი დაყოფა, არავითარი განსხვავება არ უნდა გვქონდეს საქართველოში მცხოვრებ ადამიანს, მოქალაქესა და უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეს შორის.

წარმოუდგენელია, რომ ქართველ ადამიანს გული არ მიუწევდეს სამშობლოში დაბრუნებისკენ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ბევრ მათგანს ჯერ კიდევ არ შეუძლია დაბრუნება საქართველოში, მაგრამ მათი მთავარი, საბოლოო მიზანი უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში დაბრუნება. 

ქალბატონი პრეზიდენტი საუბრობდა იდეაზე, რომელიც უზრუნველყოფს დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობას ქართულ პოლიტიკაში. მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონი პრეზიდენტი, რომელიც არის ბრწყინვალე წარმომადგენელი დიასპორის, რომელიც დაბრუნდა საქართველოში და ჩვენ ავირჩიეთ პრეზიდენტად, რა თქმა უნდა, ესეც არის სიმბოლური. უცხოეთში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი დედაეკლესიის წარმომადგენლობებს. მე პირადად მახსოვს ყოველ კვირას დიასპორის წარმომადგენლები ვიკრიბებოდით ყოველ კვირას ეკლესიაში. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩემთვის, მე, როგორც მთავრობის მეთაური გაძლევთ პირობას, რომ მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნები საპატრიარქოსთან",-აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

 

დღის ამბები