03 ივლისი 2022,   22:47
ვრცლად
შემთხვევით დაჭრილი შვილი და მეზობელი ოჯახის სამი წევრი, ერთი გარდაცვლილი - სოფელ აკურაში ტრაგედიის მიზეზი ჯართის სავარაუდო მოპარვა გახდა

ტრაგედია სოფელ აკურაში - სავარაუდო დამნაშავემ ესროლა შვილს და მეზობელი ოჯახის სამ წევრს, ერთი გარდაიცვალა, დანარჩენების სიცოცხლისთვის კი ექიმები ახლაც იბრძვიან.

სოსო გოგიაშვილმა მეზობელსა და საკუთარ შვილს სანადირო თოფიდან მას შემდეგ ესროლა, რაც ჯართის გამო დაწყებული კამათი ჩხუბში გადაიზარდა. მეზობლებმა მას ბრალი ჯართის მოპარვაში დასდეს. ისე, რომ საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება არ დაუწყია, სოფელ აკურას მცხოვრებმა სანადირო თოფი აიღო და უმისამართო სროლა დაიწყო. მსხვერპლი ერთით მეტი იქნებოდა, რომ არა გარდაცვლილი კახა მჭედლიშვილი, რომელიც საკუთარ 14 წლის შვილს გადაეფარა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ 50 წლამდე მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, პოლიცია მას და დანაშაულის დროს გამოყენებულ იარაღს ამ დრომდე ეძებს.

სოსო გოგიაშვილს პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. "კურიერმა" გაარკვია, რომ ის წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სოსო გოგიაშილმა, სასიკვდილოდ ერთი ოჯახის სამი წევრი გაიმეტა და მათ სანადირო თოფიდან ესროლა. ძმებიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კლინიკაში რჩება, მათი დედა კი, უკვე გაწერეს.

50 წლამდე მამაკაცის კვალი სოფელ აკურაში იკარგება. დანაშაულის ადგილის შემდეგ ის აღარავის უნახავს.

გოგიაშილმა მჭედლიშვილს საკუთარ ეზოში ესროლა. შემდეგ ძმების სახლში შეიჭრა, სადაც ტყვია ესროლა კახა მჭედლიშვილის 14 წლის შვილსაც. მშობელი მოზარდს გადაეფარა და ადგილზე გარდაიცვალა. სავარაუდო დამნაშავემ სროლის დროს საკუთარი შვილიც დაჭრა.

ძებნილის ოჯახის წევრები სოფელში აღარ არიან. "კურიერი" დღეს მათ სახლშიც იმყოფებოდა, თუმცა გადამღებ ჯგუფს ადგილზე არავინ დახვდა.

გოგიაშვილის დაჭრილ შვილსა და მოკლულის ძმას კლინიკაში მკურნალობენ. მათ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.

პოლიციაში უკვე გამოიკითხნენ გარდაცვლილისა და სავარაუდო დამნაშავის ოჯახის წევრები. პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა სოფელშიც.

დღის ამბები