03 ივლისი 2022,   22:35
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი კვლავ კლინიკა "ვივა მედში" აგრძელებს მკურნალობას - ექსპრეზიდენტის ოჯახის განცხადებით, მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება

მიხეილ სააკაშვილის ანალიზების პასუხები ისევ უცნობია - ყოფილი პრეზიდენტი კვლავ კლინიკა "ვივა მედში" აგრძელებს მკურნალობას, მისი ოჯახი კი ამტკიცებს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. სააკაშვილი პალატაში დღეს მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა მოინახულა, კლინიკის დატოვების შემდეგ კი განაცხადა, რომ პატიმარს დაუყოვნებლივ საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება.

ექსპრეზიდენტის ინტერესების დამცველები მასთან სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დაშვებას და მისი მდგომარეობის საფუძვლიან შესწავლასაც ითხოვენ. მოთხოვნები, რომელიც დღეს კლინიკა "ვივა მედის" ეზოდან ისმოდა, ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტშიც გააჟღერა.

ამჯერად იუსტიციის მინისტრს თამარ კორძაიამ მიმართა. დეპუტატმა წერილი გაგზავნა ემორის საუნივერსიტეტო კლინიკაშიც. კორძაია ამერიკული კლინიკისგან სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

როგორია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგოამროეაბა დღეს - ინფორმაცია ამის შესახებ პირველმა, კლინიკიდან გამოსულმა ადვოკატმა გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ იურისტმა ჟურნალსიტებს უთხრა, რომ პაციენტი სუსტადაა, მდგომარეობა არ შეცვლილა, ის წოლით რეჟიმზეა და საკვებს კვლავ ვერ იღებს.​

მოთხოვნას მალვე უპასუხეს მმართველ გუნდში, უმრავლესობა უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანის აუცილებლობას ვერ ხედავს. ბექა დავითულიანის თქმით თითოეული პატიმრის ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე პენიტენციური სამსახურია პასუხისმგებელი, უწყება კი დეპუტატის თქმით, დაკისრებულ ვალდებულებას ზედმიწევნით ასრულებს.

ქართველ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის პარტია არ ენდობა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მათი ლიდერი საქართველოში სათანადო მკურნალობას ვერ გადის და მისი სიცოცხლე საფრთხეშია. ერთადერთი გამოსავალი ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელებისთვის მისი საზღვარგარეთ მკურნალობაა.

რატომ არ სურს ხელისუფლებას შეიქნას დამოუკიდებელი ექსპერტთა ჯგუფი გაუგებარია ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის. ისინი მიიჩნევენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობის შესახებ ყველა ინფორმაცია საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოს.

უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანის მოთხოვნა, ქართველი ექიმებისთვის ავტორიტეტის შელახვა და მათ საქმიანობაში უხეში ჩარევაა - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზციის განცხადებებს. დეპუტატების თქმით პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებენ და მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებენ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად. 

დღის ამბები