03 ივლისი 2022,   22:44
ვრცლად
ანტიდასავლური პროპაგანდა და სასამართლოს დისკრედიტაცია - კიდევ ერთი ბრალდება ოპოზიციას "ქართული ოცნებისგან"

ანტიდასავლურ პროპაგანდაში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ყველა იმ პირს ადანაშაულებს, ვინც ნიკა გვარამიას მოსამართლის - ლაშა ჩხიკვაძის ამერიკული სასწავლო პროგრამიდან ჩახსნაზე ისაუბრა. კობახიძის თქმით, მსგავსი მიდგომა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ამერიკის საელჩოს, მოსამართლის მიმართ დისკრიმინაციულ კამპანიაში ჩართვის მცდელობაა.

ირაკლი კობახიძის ბრალდებას, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველისგან განსხვავებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უპასუხა. საიაში ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ, არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, კრიტიკული პოზიცია შტატების საელჩომ განაჩენის გამოცხადებიდან მალევე გამოხატა.

როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ყველა განცხადებას, რომელსაც ოპოზიცია, მესამე სექტორის ნაწილი ან სახალხო დამცველის აპარატი აკეთებს, კონკრეტული დანიშნულება აქვს და მიზანი სასამართლო სისტემასა და მოსამართლეთა კორპუსზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაა.

"ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს ოპოზიციაში "ისრების გადატანას" უწოდებენ. ამბობენ, რომ ახლა ხელისუფლება ცდილობს იმიჯი ოპონენტების დაკნინების ხარჯზე გადაირჩინოს. ოპოზიცია მმართველ გუნდს ახსენებს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების გატარებისკენ მათ ყველა პარტნიორი მოუწოდებს.

ოპონენტების პოზიციები, მმართველი პარტიის მხრიდან, საქართველოსა და შტატების ურთიერთობის დამაზიანებლად შეფასდა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ამერიკის საელჩო სასამართლო სისტემის განვითარებას ხელ უწყობს და პრაქტიკა არ არსებობს, როდესაც კონკრეტული მოსამართლე, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო დასანქცირდა.

ამოირიცხა თუ არა რეალურად ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ამერიკული სასწავლო პროგრამიდან, უცნობია. პროგრამა, ფლორიდაში პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლე, რომელმაც "რუსთავი 2-ის" ყოფილ დირექტორს, 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, პროექტის მონაწილეთა სიაში აღარ არის, თუმცა ამ ინფორმაციაზე ოფიციალური განცხადება საქართველოში ამერიკის საელჩოს ამ დრომდე არ გაუკეთებია.

დღის ამბები