07 ივლისი 2022,   11:47
ვრცლად
"ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, სუიციდის მცდელობაც ქონია" - რას ყვებიან ზუგდიდში კაცზე, რომელმაც ცოლი ავტობუსში, შვილების თვალწინ მოკლა

323 ნომერი ავტობუსი, რომელიც 31 წლის ქალისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მაშინ, როდესაც სოფო კვარაცხელია 2 შვილთან ერთად საზოგადროებრივ ტრანსპორტში იმყოფებოდა, ქმარმა მას ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

უძღოდა თუ არა მკვლელობას წინ რაიმე სახის ურთიერთშელაპარაკება და რატომ გაიმეტა ქმარმა ცოლი სასიკვდილოდ, მით უმეტეს შვილების თანდასწრებით - ამ კითხვებზე პასუხს გამოძიება გასცემს. თუმცა ფაქტია, რომ ავტობუსში, სადაც არაერთი მგზავრი იმყოფებოდა, სავარაუდო მკვლელის შეჩერება ვერ მოახერხეს. 

ბავშვების თვალწინ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და არაერთი მოწმის თანდასწრებით მომხდარ სასტიკ მკვლელობას ერთი მსხვერპლი და ორი დაზარალებული ჰყავს. არასრულწლოვანი ბავშვები, რომლებიც მკვლელის და მოკლულის შვილები არიან, მათთან ერთად ამავე ავტობუსით მგზავრობდნენ.

გურამიშვილის გამზირზე მკვლელობა დაახლოებით დღის სამ საათზე მოხდა, ამიტომ მოვლენებს, რომლებიც იქ განვითარდა, ადგილობრივებიც შეესწრნენ. როგორც ისინი "კურიერთან" ყვებიან, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ქმარმა ჭრილობა დანით მიაყენა, სასწრაფოს მისვლის მომენტში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება მკვლელს, ის პოლიციამ ადგილზევე დააკავა.

მოკლული 31 წლის სოფო კვარაცხელიაა. რაც შეეხება მკვლელს, 38 წლის როინ მებონია წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. ოჯახი ბოლო წლების განმავლობაში თბილისში ჭყონდიდელის 22 ნომერში ცხოვრობდა, თუმცა ამ მისამართზე მათ შესახებ არაფერი იციან.

"კურიერს" უფრო მეტს უყვებიან ზუგდიდში, სადაც წყვილი მანამდე ცხოვრობდა. ზუგდიდელი მეზობლები, როინ მებონიას ფსიქიკური მდგომარეობის შესახებაც საუბრობენ.

"ბოლო პერიოდში ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თვითმკვლელობაც სცადა. გოგო არაჩვეულებრივი. ბავშვს დიაბეტი ჰქონდა და მკურნალობდნენ,"- აცხადებენ ზუგდიდში ცოლ-ქმრის ნაცნობები. 

ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - დაკავებულს ამ მუხლით ბრალს უახლოეს საათებში წარუდგენენ. ცხედარი უკვე ექსპერტიზაზეა გადასვენებული. პოლიცია კი მოწმეებს კითხავს. გამოიკვლევენ ვიდეოკამერის ჩანაწერებსაც, რომელიც მუნიციპალურ ავტობუსში იყო დამონტაჟებული და დიდი ალბათობით მკვლელობის ფაქტიც გადაიღო.

დღის ამბები