05 ივლისი 2022,   01:40
ვრცლად
გამოვცემთ განკარგულებას, რომ წალენჯიხელებს მიეცეთ საშუალება, ყველა სახელმწიფო პროგრამით ისარგებლონ - ირაკლი ღარიბაშვილი

წალენჯიხაში სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობაში შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა და წინასაარჩევნო განცხადება გაიხსენა:

"მინდა, შეგახსენოთ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს როდესაც დავდიოდი რეგიონში, ერთ-ერთ გამოსვლაში ვთქვი, რომ თუ აირჩევდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, გამოჩნდებოდა, რომ არც თუ ისე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და ფაქტი სახეზეა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ, წალენჯიხის მერმა დააგვიანა და რეალურად მოქალაქეებს, წალენჯიხის მოსახლეობას არ მიეცა საშუალება, ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამებით.

"ამის მიუხედავად, მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი მინისტრ ქარსელაძესთან და დავავალე, ვინაიდან ჩვენთვის მთავარია ჩვენი მოქალაქეების ინტერესები. იმის მიუხედავად, რომ ბატონმა წალენჯიხის მერმა ვადები და პროცედურები დაარღვია, ჩვენ შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ ისე, რომ ჩვენს წალენჯიხელ მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, ყველა ამ პროგრამით ისარგებლონ და ამას თვის ბოლოს მოვაგვარებთ," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები