07 ივლისი 2022,   09:01
ვრცლად
ომმა უკრაინაში ცხადყო, რომ არსებული ხარვეზები ერთობლივად უნდა გამოვასწოროთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვითი შესაძლებლობები - ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი  წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი ერთგვარი გამომაფხიზლებელი სიგნალი იყო, რომელმაც ევროკავშირს არსებულ ხარვეზებზე მიანიშნა.

მისი თქმით, ევროპულ ქვეყნებში არსებობს მზადყოფნა თავდაცვის მიმართულებით მეტი ხარჯის გაწევისთვის.

"დღეს ევროპის თავდაცვის სააგენტოს მმართველ საბჭოსთან ერთად, სტრატეგიული კომპასის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, დავაარსეთ ევროპული თავდაცვის ინოვაციების ჰაბი, რომლის მიზანია, წევრ სახელმწიფოებს შორის სამხედრო ინოვაციების სტიმულირება, ხელშეწყობა და მხარდაჭერა.

ევროპულ ქვეყნებში არსებობს მზადყოფნა, თავდაცვის მიმართულებით მეტი ხარჯის გაწევისთვის. თუკი ქვეყნები ამ ხარჯს ინდივიდუალურად გასწევენ, ეს ფულის ფლანგვა იქნება, რადგან კავშირში არსებული დანაკლისები შევსების ნაცვლად, კიდევ უფრო გამრავლდება. ამის თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფოების თავდაცვის დანახარჯები ერთიანი და კოორდინირებული უნდა იყოს. ომი უკრაინაში იყო ერთგვარი გამომაფხიზლებელი სიგნალი, რომელმაც ცხადყო, რომ არსებული ხარვეზები ერთობლივად უნდა გამოვასწოროთ, რათა ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები გავაძლიეროთ,"- აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

ევროკომისარმა უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა არ უნდა დაუშვან, რომ უკრაინას ომის გარდამტეხ მომენტში აღჭურვილობა ამოეწუროს. სწორედ ამიტომ, ჟოზეფ ბორელის თქმით, დამატებითი 500 მილიონიანი ტრანში სამხედრო დახმარების საერთო ოდენობას 2 მილიარდამდე აიყვანს. 

"ჩვენ შემოგვიერთდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ბატონი რეზნიკოვი და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, ბატონი ჯოანა. მინისტრმა რეზნიკოვმა მოგვაწოდა ანგარიში ადგილზე არსებული სიტუაციისა და უკრაინის არმიის საჭიროებების შესახებ და ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ვფიქრობ, რომ ეს მხარდაჭერა ბრძოლის ველზე ცვლილებას ახდენს და უკრაინის არმიის შესაძლებლობებს აძლიერებს.

ჩვენ უნდა განვაგრძოთ ძალისხმევა, უნდა შევავსოთ რესურსები და მარაგი. ეს მხარდაჭერა ამ მომენტში არის მნიშვნელოვანი, რადგან ომი გარდამტეხ მომენტშია და ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინას აღჭურვილობა ამოეწუროს. ჩვენ ვერ დავუშვებთ უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობის ამოწურვას, რადგან ბრძოლა დონბასში არის იმ სტადიაში, როდესაც უკრაინელების კონტრშეტევას აწარმოებენ, უკან იხევენ  და უკრაინელებს აქვთ შესანიშნავი წარმატება. უკრაინელები განაგრძობენ წინააღმდეგობის გაწევას და აქვთ კონტრშეტევის წარმოუდგენელი უნარი. დამატებითი 500 მილიონიანი ტრანში სამხედრო დახმარების საერთო ოდენობას 2 მილიარდამდე აიყვანს, მაგრამ ეს მხოლოდ ევროკავშირის ძალისხმევის ნაწილია. წევრი სახელმწიფოები თავიანთი მხრიდან დიდ ძალისხმევას სწევენ და ბოლომდე ასე უნდა გაგრძელდეს.

ჩვენი საკონსულტაციო მისია უკრაინაში, კიევში დღეს დაბრუნდა და მხარს დაუჭერს უკრაინის ხელისუფლებას სამოქალაქო აქტივობების მეშვეობით, რომლებიც მხარს უჭერენ საზღვრის მართვას და ომის დანაშაულების გამოძიებას. ჩვენ ასევე შევქმენით სასტიკი დანაშაულების მიმართულებით მრჩეველთა ჯგუფს, შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად, რათა გამოძიების ხელშეწყობისთვის, საერთაშორისო რესურსების კოორდინაცია მოვახდინოთ", - განაცხადა ბორელმა.

ჟოზეფ ბორელი შვედეთისა და ფინეთის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მოსალოდნელ გაწევრიანებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს გააძლიერებს და გაზრდის თანამშრომლობას და უსაფრთხოებას ევროპაში.

"ფინეთის და შვედეთის მინისტრებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია მათი განზრახვის შესახებ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მათ შეუძლიათ ევროკავშირის სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. ეს გაზრდის წევრი ქვეყნების და ასევე ნატოს წევრების რაოდენობას, რაც გააძლიერებს და გაზრდის თანამშრომლობას და უსაფრთხოებას ევროპაში. ასე რომ, იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი მალე გაწევრიანდებიან, და ამ გზით, ნატო და ევროკავშირი იქნებიან წევრი ქვეყნების წყვილი, მეტი საერთო გადაკვეთის წერტილებით - ეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებაა", - განაცხადა ევროკომისარმა.

დღის ამბები