07 ივლისი 2022,   09:07
ვრცლად
24 საათი ციხეში, პოლიტიკური პაემნები და განცხადებები - რა გეგმა აქვს ოპოზიციას ნიკა გვარამიას გასათავისუფლებლად

პატიმრობის პირველ დღეს, ნიკა გვარამია "ნაციონალური მოძრაობისა" და "ლელოს" წევრებმა მოინახულეს. როგორც საპატიმროდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, დაკავებულთან მხოლოდ მისი მდგომარეობისა და პირობების გასაცნობად მივიდნენ. აღნიშნეს, რომ პოლიტიკურ თემებზე მასთან არ უსაუბრიათ, თუმცა მედიასთან პოლიტიკური განცხადებები თავადვე გააკეთეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ნიკა გვარამიას გათავისუფლების გეგმაზე, კონსულტაციებს განაგრძობენ.

"ქართული ოცნება" ოპონენტებს სამართლებრივ არგუმენტებზე მიუთითებს. მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ საქმეში ნათლად ჩანს ნიკა გვარამიას მიერ კომპანიისთვის ზიანის მიყენების გეგმა, რომელიც მათივე განმარტებით, "რუსთავი 2"-ის მაშინდელმა დირექტორმა მაშინ შეიმუშავა, როცა ქიბარ ხალვაშმა სამართლებრივი პროცესი დაიწყო. მმართველი პარტია იმ ოპოზიციონერებსაც პასუხობს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მთავარი არხის დამფუძნებლის დაკავება ევროინტეგრაციის პროცესზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

კონკრეტულ დანაშაულზე ოპოზიციის ერთი ნაწილიც საუბრობს, თუმცა "გირჩში" ფიქრობენ, რომ გვარამიასთვის შეფარდებული სასჯელი არაადეკვატურია. ამის მიუხედავად, პარტიაში ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურ კონტექსტს არ გამორიცხავს. სასამართლოს მიმართ უნდობლობა ის საერთო მიზეზია, რაც თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალას აერთიანებს, თუმცა გააერთიანებს თუ არა ოპოზიციას მედიამენეჯერის გათავისუფლების მოთხოვნა, ეს ჯერ გაურკვეველია.

პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების შესაძლებლობას ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, თუმცა ასეთი მოლოდინი არ აქვთ მმართველ გუნდში, სადაც სალომე ზურაბიშვილის მისამართით ნიკა გვარამიას განცხადებებს იხსენებენ.

"რუსთავი 2-ის" საქმის განხილვა, სავარაუდოდ, მეორე ინსტანციაშიც გაგრძელდება. სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე. სამართლებრივის გარდა, დაიწყება თუ არა პოლიტიკური პროცესი, ამას ოპოზიციის ის კონსულტაციები აჩვენებს, რომელიც მედიამენეჯერის გათავისუფლების მოტივით გუშინვე დაიწყო.

დღის ამბები