12 აგვისტო 2022,   05:56
ვრცლად
"საკითხი პოლიტიკურად სენსიტიურია, თუმცა ეს არ ნიშნავს პოლიტიკურ დევნას" - უმრავლესობა ნიკა გვარამიას პატიმრობას ეხმაურება

ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ, შეფასებებს აკეთებს უმრავლესობა. "მთავარი არხის" დამფუძნებლის საქმის სამართლებრივ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას მმართველი გუნდი - "ქართულ ოცნებაში" სასამართლოზე პოლიტიკურ გავლენას გამორიცხავენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ საკითხი პოლიტიკურად სენსიტიურია, თუმცა ეს არ ნიშნავს პოლიტიკურ დევნას.

"შეიძლება არსებობდეს კითხვა, არის თუ არა ეს პოლიტიკური დევნა. პოლიტიკურად სენსიტიური არის, იმიტომ, რომ ფაქტია, ბატონი გვარამიას მოღვაწეობა დიდი ხანია თავისი არსით არის არა ჟურნალისტური, არამედ პოლიტიკური აქტიურობა. შესაბამისად ეს ამ საკითხის პოლიტიკურ სენსიტიურობას განაპირობებს, მაგრამ სენსიტიურობა არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლია ვინმეს ხელაღებით ისაუბროს მოცემულ შემთხვევაში პოლიტიკურ დევნაზე.

შემიძლია შეგახსენოთ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული დავა თვითონ, რომელიც განვითარდა და გახსოვთ მაშინდელი ხმამაღალი განცხადებები, მათ შორის იმის თაობაზე, რომ ახლა სტრასბურგის სასამართლო მიიღებს ასეთ და ასეთ გადაწყვეტილებას, აღსრულების შეჩერებაც გახსოვთ და ბევრი სხვა რამ. იმ ფონზეც, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებები ძალზედ ხმამაღალი იყო მაშინაც, რეალურად ეს შედეგში არ გამოხატულა, შესაბამისად, მართლმსაჯულებამ, რომელიც დადგა ნაციონალური კანონმდებლობის მიხედვით, შეასრულა თავისი მისია და ფუნქცია და იმ სტანდარტით იყო ყველაფერი უზრუნველყოფილი, რაც დააკმაყოფილებდა სტრასბურგის სასამართლოს.

მე ვფიქრობ და ვვარაუდობ, რომ დაახლოებით იგივე ვითარებასთან გვაქვს საქმე მოცემულ შემთხვევაშიც და არ მგონია რომ სამართლის აღსრულება რამენაირად შეიძლება არათავსებადი აღმოჩნდეს დემოკრატიულ პრინციპებთან," - განაცხადა სარჯველაძემ.

დღის ამბები