22 მაისი 2022,   01:54
ვრცლად
17 წლის შშმ პირს, რომელსაც სამართალდამცველი ძალადობრივად გაუსწორდა, დღეს 4 საათი კითხავდნენ - რა მუხლებით წარედგინათ ბრალდება დაკავებულებს

დაზიანებები სახის და თავის არეში, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა - ორი პატრულ-ინსპექტორის ძალადობრივიო ქმედება მეორე დღეა ქართული საზოგადოების აღშფოთების მიზეზი გახდა.

მძიმე კადრებს კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ საქმე ეხება არასრულწლოვანს და ეხება მოზარდს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. 

მოძალადე პოლიციელები უკვე დაიჭირეს. მათ განსხვავებული მუხლები აქვთ წაყენებული, თუმცა გამოძიება გრძელდება და შესაძლოა კიდევ გამოიკვეთოს ახალი გარემოებები.

სმენადაქვეითებულ არასრულწლოვანს, რომელსაც არც საუბარი შეუძლია, პატრულ-ინსპექტორი ფიზიკურად მეტრო "ისნის" პოლიციისთვის განკუთვნილ ოთახში გაუსწორდა.
17 წლის შშმ პირის ოთხსაათიანი გამოკითხვა და სამედიცინო ექსპერტიზა უკვე დასრულდა.

არასრულწლოვანი საგამოძიებო უწყებაში დედასთან ერთად მივიდა. პოლიციელის მხრიდან სავარაუდო დანაშაულის შესახებ გამომძიებელთან შესვლამდე დაზარალებულს არ უსაუბრია და პირველი კომენტარი გამოკითხვის დასრულების შემდეგ იმ მეგობართან ერთად გააკეთა, ვინც ძალადობის ამსახველი ვიდეო გადაიღო.

გამოკითხვამდე არასრულწლოვანი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშიც იმყოფებოდა.

აქვს თუ არა 17 წლის ბიჭს სხეულზე დაზიანებები და რა სახის, ამის შესახებ ოფიციალურად ცნობილი ჯერ არ არის, თუმცა დედა ამბობს, რომ მის შვილს ცემის შედეგად დაზიანება თვალთან აღენიშნება.

ყველა საგამოძიებო მოქმედებას დღეს მოზარდის ინტერესების დამცველებთან ერთად ფსიქოლოგიც ესწრებოდა. რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება, ადვოკატები გამოძიების დეტალებზე საჯაროდ არ საუბრობენ.

ფაქტთან დაკავშირებით, ორი პოლიციელი დააკავეს. ერთს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდის ცემას, ხოლო მეორეს - დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აღნიშნეს, ჩასატარებელია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომლის საფუძველზე, შესაძლებელია დაზუსტდეს საქმის გარემოებები და დანაშაულის კვალიფიკაცია.

ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალური ქსელით გუშინ გავრცელდა.

დღის ამბები