25 ივნისი 2022,   21:43
ვრცლად
ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000 ლარიანი გირაოთი შეიცვალა. 

მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებული 4 ბრალდებულის პროცესი გრძელდება. საქალაქო სასამართლო ელგუჯა ცომაიას, მამა-შვილი წოწორიების და გიორგი ნარიმანიძის საქმეზე მსჯელობს.

საქალაქო სასამართლოს ტერიტორია ოთხივემ დატოვა, თუმცა მედიასთან ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავეს.

"ვნერვიულობ, მაცადეთ, არაფერს არ გეტყვით, იქნება მაგის დროც," – განაცხადა ელგუჯა ცომაიამ.

საქმის პროკურორი ამბობს, რომ შემამსუბუქებელი გარემოება იქნება ის, რომ მათ ბრალი აღიარეს და ითანამშრომლებს გამოძიებასთან, მისცეს ჩვენებები და მტკიცებულების განადგურების თვალსაზრისით ახლა უკვე საფრთხეს აღარ წარმოადგენენ. თუმცა, საქმის ფარგლებში მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება შემდეგ პროცესებზე, რომელიც დაინიშნება საქალაქო სასამართლოში. პროკურორის ვარაუდით, გამამტყუნებელი განაჩენი საბოლოოდ მაინც დადგება.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე მზად იყო მტკიცებულების გამოკვლევისთვის, თუმცა როდესაც დავიწყეთ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი დაცვის მხარემ ბრალდებულებთან შეთანხმებით უდაოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები როგორც წერილობითი, ასევე მოწმეთა ჩვენებები. შესაბამისად, ეს მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ისინი ეთანხმებიან საქმეში წარმოებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ აღარ სურთ მტკიცებულებების გამოკვლევა. აღნიშნულის შემდეგ დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და იმის გათვალისწინებით, რომ ვინაიდან არსებობდა ახალი გარემოება, რადგან აღკვეთის ღონისძიების დროს, როცა პატიმრობის გამოყენების დროს ერთ-ერთი საფუძველი იყო მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების, ეს საფრთხეები უდაოდ გახდომის შემდეგ მოიხსნა," - განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

წინა სხდომაზე ცომაიამ დაადასტურა, რომ ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში ჩამოყვანა მას გია ლორთქიფანიძემ სთხოვა.

ცნობისთვის, სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართაც.

დღის ამბები