17 იანვარი 2022,   07:45
ვრცლად
საქართველოს საგარეო ვაჭრობა უმჯობესდება და წლევანდელი ექსპორტის მაჩვენებელი რეკორდულია - ეკონომიკის მინისტრი

საქართველოს საგარეო ვაჭრობა უმჯობესდება - განცხადებას ეკონომიკის სამინისტროში აკეთებენ.

როგორც მინისტრი განმარტავს, წლევანდელი ექსპორტის მაჩვენებელი რეკორდულია და მან აქამდე არსებულ მაქსიმუმს გადაუსწრო.

მონაცემების თანახმად, 2021 წელს დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი 11.7%-ით აღემატება 2019 წლის პანდემიამდე მონაცემს, როცა ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა.

"როგორც უკვე ვთქვით, ძალიან კარგი ტენდენცია გამოიკვეთა 2021 წელს. გაზრდილია როგორც მთლიანობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, ასევე განსაკუთრებულად პროდუქციის ექსპორტი. კონკრეტულად, ექსპორტის მოცულობამ მიაღწია 4 მილიარდ 250 მილიონ დოლარს, რაც არის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ათწლეულების განმავლობაში. წინა წელთან შედარებით, ზრდა დაახლოებით არის 27%, ასევე თუკი შევადარებთ, ძალიან დიდი სხვაობაა პანდემიამდე 2019 წელს,"- განმარტავს ნათია თურნავა.

საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს "ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან.

"ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკის გაჯანსაღება სრული ტემპით მიმდინარეობს. ეს შედეგი მიღწეულია და ნიშნავს, რომ სწორი პოლიტიკა ჰქონდა მთავრობას ბატონი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სწორი მხარდაჭერა ბიზნესის, რამაც მოგვცა ჩვენ შესაძლებლობა, რომ ეკონომიკაში ჩვენ გვქონდა 2021-ში 10 %-იანი ზრდა და მათ შორის საგარეო ვაჭრობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წელი გვქონდა. გამოწვევად, რა თქმა უნდა, რჩება მაღალი ინფლაცია და კოვიდი, ჩვენ გვაქვს, ეროვნულ ბანკს, შესაბამისი ბერკეტები, რომ შეთანხმებულად, მთავრობასთან ერთად მოთოკონ ეს ინფლაცია,"- განმარტავს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები