18 იანვარი 2022,   10:56
ვრცლად
"როცა მივედით, კომპანიის საბანკო ანგარიშების სალარო იყო ცარიელი" - ნიკა გვარამიას საქმეზე "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორს პაატა სალიას კითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორს პაატა სალიას კითხავენ.

მას კითხვებს ნიკა გვარამია და მისი ინტერესების დამცველები უსვამენ, წინა პროცესზე პაატა სალია უკვე დაკითხა ბრალდების მხარემ.

როგორც პროცესის დაწყებამდე პაატა სალიამ განაცხადა, იმ მომენტშიც, როცა ის "რუსთავი2-ში" მივიდა, კომპანიის საბანკო ანგარიშების სალარო იყო ცარიელი, რამაც ეჭვები გააჩინა.

"როცა მივედით, კომპანიის საბანკო ანგარიშების სალარო იყო ცარიელი. ამანაც გააჩინა გარკვეული ეჭვი, რატომ იყო ასე. ასევე, იყო ძალიან დიდი დავალიანება ბიუჯეტის მიმართ. ასევე, აშკარა და თვალსაჩინო იყო, რომ 2015 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ქიბარ ხალვაშმა შეიტანა "რუსთავი 2-ის" წილების დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი, გარკვეულ მანიპულაციებს შესაძლოა ჰქონოდა ადგილი. გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 წელს კომპანიამ მნიშვნელოვნად ნაკლები შემოსავალი მიიღო, ვიდრე უნდა მიეღო. ეს შემოსავალი აღმოჩნდა სხვა კომპანიაში, საიდანაც შემდგომ "რუსთავი 2-ის" მენეჯმენტმა მიიღო ეს თანხები ისე, რომ არ მომხდარა ამ თანხების დეკლარირება. ამას ედავება პროკურატურა," - განაცხადა პაატა სალიამ.

ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც რომელიმე პირის ბრალდებას ადასტურებს.

"არცერთი მტკიცებულებაც კი არ ყოფილა გამოკვლეული სასამართლო სხდომათა დარბაზში რაც დაადასტურებდა რომელიმე პირის ბრალეულობას. არცერთ მოწმეს არ უთქვამს რაიმე ისეთი სასამართლო სხდომაზე, რაც შეიძლება ადასტურებდეს ბრალდებას. დღევანდელ დღესაც პაატა სალიას დაკითხვის შედეგად ვფიქრობთ, რომ არც დღევანდელი ჩვენებით არ მოხდება დადასტურება წარდგენილი ბრალდების," - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორის, ზვიად გუბელაძის განცხადებით, უნდა გაგრძელდეს პაატა სალიას დაკითხვა ჯვარედინი წესით. პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე ასრულებს მტკიცებულების გამოკვლევას, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ სამივე ბრალდებულის ბრალეულობას. შესაბამისად, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

"რუსთავი 2- ის" ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებიან.

დღის ამბები