17 იანვარი 2022,   01:44
ვრცლად
თუ უკრაინაში შეიჭრება რუსეთი და მას არ შეხვდება წინააღმდეგობა დასავლეთისგან, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება - ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეერთებულ შტატებში ნატოს გაფართოებაზე, ალიანსში საქართველოს დაჩქარებული წესით გაწევრიანების შანსებზე და ამერიკული მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებაზე აგრძელებს მოლაპარაკებებს.  

ქართულ მხარე ამბობს, რომ თუკი რუსულ აგრესიას უკრაინაში დასავლეთი არ შეეწინააღმდეგება, შემდეგი სამიზნე საქართველო გახდება.

"ვთხოვეთ მათ ქმედითი მხარდაჭერა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ასევე ნატოში გაწევრიანების მიმართულებით, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო უკვე მზად არის ნატოში წევრობისათვის. ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ იმ სკეპტიკოს ქვეყნებს, რომლებიც ვიცით, რომ არსებობენ დასავლეთ ევროპაში, სჭირდებათ მეტი არგუმენტი და ამერიკის შეერთებული შტატები არის ლიდერი ქვეყანა ნატოსი და შეუძლია დაარწმუნოს ქვეყნები, რომ უკვე დროა საქართველო გაწევრიანდეს ნატოში. ეს იყო ძირითადი თემები ჩვენი საუბრისა. რა თქმა უნდა, ყველა შეშფოთებულია იმ ვითარებით, რომელიც ჩვენს რეგიონში ვითარდება. ყველა თანხმდება იმაზე, რომ თუ უკრაინაში შეიჭრება რუსეთი და მას არ შეხვდება წინააღმდეგობა დასავლეთისგან, მაშინ საქართველო იქნება უკვე შემდეგი სამიზნე,“ - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.  

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ამბობს, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და საქართველოსთვის ამერიკული მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერება.

"რა თქმა უნდა, ის რაც ხდება უკრაინაში, არ შეიძლება იყოს განხილული იზოლირებულად. ეს არის რუსული აგრესიული და რევიზიონისტული ქმედებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი,“ - ამბობს ირაკლი ბერაია.

დღის ამბები