24 იანვარი 2022,   01:13
ვრცლად
საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება - რა გზავნილები ისმის აშშ-დან და რუსეთიდან

ნატოს სამიტი, ეუთოს მინისტერიალი, ასოცირებულ ტრიოსთან შეხვედრა - პოლიტიკურად მნიშვნელოვანი კვირა ქვეყნისთვის. საქართველომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მიიღო დასტური, რომ დასავლეთი ჩვენს გვერდით არის და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ბოლო 2 დღის განმავლობაში უკვე მესამედ უპასუხა ლავროვის მიერ ეუთოს მინისტერიალზე გაჟღერებულ მუქარას. ენტონი ბლინკენი ამჯერადაც ამბობს, რომ ალიანსის კარი ღიაა და თუ რამე აგრესიული ქმედება იყო ევროატლანტიკურ სივრცეში, ეს იყო რუსული აგრესია საქართველოსა და უკრაინაში. ითქვა ისიც, რომ არსებობს ისეთი ზომები, რომლისთვისაც ამერიკას ჯერ არ მიუმართავს, რუსეთმა კი ეს ძალიან კარგად იცის.

იგივე პოზიცია აქვს ამერიკის ელჩს ეუთოში, რომელთანაც ექსკლუზიური ინტერვიუ "კურიერმა" ჩაწერა.

"ვფიქრობ, კრემლი ახლა იმ შეთავაზებებს უბრუნდება, რომელიც თავის დროზე პრეზიდენტი მედვედევის ევროპულ შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული, რომელში ჩართვის ინტერესიც გასაგები მიზეზების გამო არავის ჰქონდა, რომ თითქოს ეს შექმნიდა ალტერნატიულ სივრცეს ევროპაში, თავისი გავლენის სფეროებით. ასეთ რამეს აშშ-ი არასდროს დაუშვებს. ღია კარის პრინციპით, ვისაც ნატოს წევრობა სურს, აქვს კიდეც ამის უფლება და როდესაც დააკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მიღებული იქნება კონსენსუსიც წევრებს შორის. დღეს ეს მოქმედი პრინციპია, წლების მანძილზე პრეზიდენტი ბაიდენიც ხაზს უსვამდა ამას და ჩვენ ამ პრინციპის ერთგულები დავრჩებით," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში მაიკლ კარპენტერი.

პრეზიდენტი ბაიდენი სავარაუდოდ ვლადიმერ პუტინს დღე-დღეზე პირადად დაელაპარაკება, ამჯერად ვიდეოთვალით. მან უკვე დააანონსა,რომ ვაშინგტონი რუსეთის შესაკავებლად ყოვლისმომცველ პაკეტზე მუშაობს, უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად.

შეაკავებს თუ არა ეს რუსეთს ახლა, თუ წინა სანქციები კრემლისთვის არაფერი აღმოჩნდა და ზუსტად რას გულისხმობს ამერიკის ახლებური მიდგომა? - ამის შესახებ სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს უკვე ჰკითხეს. დიპლომატმა "ევრონიუსთან" უკრაინაზე საუბრის დროს ამერიკის პოზიციებს ხაზი საქართველოზეც გაუსვა.

"რუსეთის საპასუხოდ აქამდე მიღებულ ზომებს შედეგები ექნება, თუმცა არის ისეთი ზომებიც, რომლისთვისაც ჯერ არ მიგვიმართავს, რადგან თავი შევიკავეთ. რუსეთმა ყველა ეს დაშვებები კარგად იცის, საჯაროდ ამაზე არ ვისაუბრებ. რაც შეეხება ნატოს გაფართოვებას, ბევრი წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ ნათლად ცხადყო, რომ ალიანსის კარი ღიაა, მათ შორის საქართველოსთვის, უკრაინისთვის და გაწევრიანებით დაინტერესებული სხვა ქვეყნებისთვის, როდესაც ისინი გაწევრიანებისთვის საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. ეს ნატოს საფუძვლებშივე, ვაშინგტონის შეთანხმებაშივე ნათლად განისაზღვრა და ეს ნატოს უახლოეს შეკრებაზეც დავადასტურეთ, რომ ჩვენი კარი ღია რჩება. მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს არაა საფრთხე რუსეთისთვის, რადგან ჩვენი ალიანსი არის თავდაცვითი ორგანიზაცია,ეს გამჭვირვალე ერთობაა და ჩვენ არ ვართ მომართულები რუსეთის წინააღმდეგ, არა ვართ მათთვის საფრთხე. სამწუხაროდ, თუ რაიმე აგრესიული ქმედება გვინახავს ევროატლანტიკურ სივრცეში, ეს იყო სწორედ რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესია საქართველოში თუ უკრაინაში და ჩვენ არ გვსურს,რომ ეს განმეორდეს," - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ვიდრე საქართველო და უკრაინა გამოწვევების ფონზე საკუთარ მიზნებში დასავლელი პარტნიორების გადაწყვეტილებებს ელიან, მეგობრები მათ ახსენებენ იმასაც, რომ ქვეყნებმა საკუთარი თავის გაძლიერებაზე მუშაობა უნდა განაგრძონ, იქნება ეს თავდაცვის კომპონენტი თუ დემოკრატიული რეფორმების გატარება. ეს კი იმისათვის, რომ ისინი მეტად დაცულები იყვნენ რუსული ჰიბრიდული მეთოდებისგან ფიზიკურად და მორალურად.

დღის ამბები