27 იანვარი 2022,   03:55
ვრცლად
პიჯაკების თუ ბოტოქსის საქმე - რამდენად მიზნობრივად ხარჯავდა ექსპრეზიდენტი საბიუჯეტო სახსრებს

რატომ არის 9 მილიონი ლარის სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე "ნაციონალური მოძრაობისთვის" მხოლოდ პიჯაკების საქმე, ხოლო უმრავლესობისთვის კი ბოტოქსების საქმე, მასაჟი, სასტუმროები და შვილისთვის სწავლის დაფინანსება. რა სახის ხარჯებზეა საუბარი 9 მილიონის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის მრავალტომიან საქმეში.

მმართველ გუნდი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმის "ნაცმოძრაობის" მიერ დასათაურებულ ვერსიას არარელევანტურს უწოდებს. საქმე ეხება 9 მილიონი ლარის სახაზინო დანახარჯს, რაზეც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. "ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ მასაჟის, სასტუმროების, ჰიგიენური მომსახურების, შვილისთვის სწავლის დაფინანსების და სხვა პირადი მომხმარებისთვის გაღებული თანხები ელიტური კორუფციის მტკიცებულებაა, რასაც სააკაშვილის მომხრეები მიზანმიმართულად აუფასურებენ.

რაც "ქართული ოცნებისთვის" ბოტოქსებზე დახარჯული ფულია, პროტოკოლურ აუცილებლობას უწოდებენ "ნაციონალურ მოძრაობაში". სააკაშვილის თანაგუნდელების თქმით, სისხლის სამართლის საქმეში არსებული სადავო 9 მილიონი, პრეზიდენტმა კანონის სრული დაცვით განკარგა.

რამდენად მიზნობრივად ხარჯავდა ექს-პრეზიდენტი საბიუჯეტო სახსრებს - ამ კითხვაზე პასუხი აინტერესებთ საპარლამენტო ოპოზიციაშიც. პოლიტიკოსებმა დღეს საქმის სრულიად განსხვავებული სახელწოდებებიც გააჟღერეს.

საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმის "პიჯაკების საქმედ" მოხსენიების მიზეზი, დღეს თავად სააკაშვილის ადვოკატმაც განმარტა. შოთა თუთბერიძის თქმით, რადგან მასაჟი და ჰიგიენა ბრალის დადგენილებაში არ წერია, დაცვის მხარემ ყველაზე აბსურდულად სწორედ რამდენიმე ათასი დოლარის პიჯაკის შეძენა ჩათვალა.

სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების მართლსაწინააღმდეგოდ განკარგვის საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება. სავარაუდოდ, პროცესს თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.

დღის ამბები