06 დეკემბერი 2021,   02:28
ვრცლად
"free მიშა" კამპანია ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის დღის წესრიგი არ არის - ხათუნა სამნიძე

არის თუ არა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საერთო ოპოზიციური გეგმა? - პოლიტიკური პარტიების მოსაზრებები განსხვავებულია. თავად მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მის გათავისუფლებაზე საინიციატივო ჯგუფმა უნდა იმუშაოს.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე  ხათუნა სამნიძე ფიქრობს, რომ სააკაშვილის გათავისუფლება ოპოზიციის დიდი ნაწილის დღის წესრიგი არ არის და საინიციატივო ჯგუფის შექმნის ინიციატივასაც სწორედ ამას უკავშირებს. 

"free მიშა" კამპანია, ანუ, მიშას გათავისუფლება არის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, "ნაციონალურ მოძრაობას" და ეს არ არის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის დღის წესრიგი. ვფიქრობ, რომ ეს დაინახა მესამე პრეზიდენტმა და ის მიიჩნევს, რომ ეს არის ცალკე გასაკეთებელი კამპანია. დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი არის ის, რომ შევძლოთ და მოვიპოვოთ რიგგარეშე არჩევნები,"- აცხადებს ხათუნა სამნიძე.

ასევე ფიქრობენ პარტიაში "საქართველოსთვის". პარტიის წევრი ანა ბუჩუკური მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა სასჯელი აუცილებლად უნდა მოიხადოს. 

"ასეთი, ე.წ. მაღალი პროფილის პატიმრის მიმართ ხელისუფლებას ქცევის განსაკუთრებული ვალდებულებები აქვს, თუმცა, ამის პარალელურად ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს, არის, მათ შორის, სტრასბურგის გადაწყვეტილება, ეს ეხება გირგვლიანის საქმეს. რა თქმა უნდა, ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები არის აღსასრულებელი,"- აცხადებს ანა ბუჩუკური. 

დღის ამბები