27 ნოემბერი 2021,   03:09
ვრცლად
რატომ ძვირდება წამლები - როგორ აპირებს მთავრობა კონტროლის დამყარებას სააფთიაქო ბიზნესზე

პანდემიის გარდა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და პრობლემა მედიკამენტების ფასია. რომ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის სერვისები, ადამიანებისთვის საკუთარ ჯანმრთელობაზე გაწეული ხარჯები კატასტროფული იქნებოდა.

ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდილი ყველაზე დიდი წილი - 69%, სწორედ მედიკამენტებზე მოდის, რომლის ფასიც წლების განმავლობაში იმატებს. საქართველოში ფასებს სახელმწიფო უწყება არ არეგულირებს, შესაბამისად მთელი ძალაუფლება იმ რამდენიმე ფარმაცევტული კომპანიის ხელშია, რომლებიც ბაზარზე დომინირებენ.

პრობლემა ბევრია, მათ შორის - სამი ყველაზე მსხვილი კომპანიის 68%-ანი წილი ბაზარზე, ექიმების მეშვეობით არაეთიკური მარკეტინგი და ფარმაცევტულ კომპანიებთან გაუმჭირვალე ურთიერთობა, ასევე პრეპარატების მაღალი ფასნამატი. თემა მწვავეა და მას სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება.

პრემიერ-მინისტრი მედიკამენტების ფასების დარეგულირებას საკანონმდებლო დონეზე გეგმავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ინიციატივა გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კიდევ ერთხელ გააჟღერა. მისი თქმით, სააფთიაქო ბიზნესი დღეს უპრეცენდენტოდ მაღალ მოგების მარჟაზე მუშაობს, რაც ევროპულ მიდგომას არ შეესაბამება. პრემიერმა განმარტა, რომ ბაზრის შესწავლასა და ახალი ინიციატივების შეთავაზებაზე კონკურენციის სააგენტო უკვე მუშაობს.

სააფთიაქო ბიზნესში ჰოლდინგური სისტემის არსებობაზე საუბრობს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეც. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, მსხვილი რეალიზატორების უმრავლესობა მაღალ კომერციულ მოგებაზე მუშაობს, რაც მომხმარებელს წამლის ხელსაყრელ ფასად შეძენის შესაძლებლობას უმცირებს.

მედიკამენტების შესაძენად ჯიბიდან გადახდების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობენ ოპოზიციაშიც. პოლიტიკოსების თქმით, ინიციატივა საჭირო თუმცა დაგვიანებულია.

კონკურენტული საკანონმდებლო ბაზის მოსამზადებლად, პარლამენტში მუშაობა უკვე დაწყებულია.

რას შეცვლის წამლის ბაზრის რეგულირების ახალი ინიციატივა რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა პარლამენტში, სავარაუდოდ, მომავალი წლის იანვრიდან დაიწყება.

დღის ამბები