12 აგვისტო 2022,   06:54
ვრცლად
პანდემიის მიუხედავად, ბოლო თვეების განმავლობაში, ტურისტების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა

საქართველოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ იმატა, ტურიზმის დადებით დინამიკაზე საუბრობენ, როგორც სასტუმროს მფლობელები, ისე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც.  

არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ჩამოსული ტურისტები აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ჰყვებიან, რომ თბილისში ყველაზე მეტად მუსიკამ მოხიბლა.რამდენიმე დღეში კი, სხვა ქალაქების მონახულებასაც აპირებენ. მათ შთაბეჭდილებებს იზიარებენ ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ფილიპინებიდან ჩამოსული ვიზიტორებიც. ტურიზმი რომ ეტაპობრივად იწყებს აღდგენას, ამას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებიც მოწმობს. გასულ წელთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა.

ტურიზმის დადებით დინამიკაზე საუბრობენ სასტუმროს მფლობელებიც.

მაია მახათაძე, რომელიც თბილისში ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობს, "კურიერთან" განმარტავს, რომ პანდემიის მიუხედავად, ბოლო თვეების განმავლობაში, ტურისტების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. სასტუმრო, რეგულაციების სრული დაცვით, ბოლო რამდენიმე თვეა, საერთაშორისო ვიზიტორებს მასპინძლობს.

ამ სეზონზე დაფიქსირებული დადებითი დინამიკა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ოპტიმისტური განწყობის საფუძველს აძლევს. უკვე არის მოლოდინი, რომ ზამთრის სეზონიც საერთაშორისო ვიზიტორებით იქნება დატვირთული. ტურისტების მოსაზიდად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, უკვე დაიწყო ახალ კამპანიაზე მუშაობა. CNN, National Geographic, Expedia, Vogue - ეს იმ უდიდესი პლატფორმების არასრული ჩამონათვალია, რასაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კამპანიის ფარგლებში გამოიყენებს.

კამპანია ნოემბრიდან იწყება და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს ზამთრის კურორტების: ბუნების, კულტურის, ქართული სამზარეულოს, ღვინის, ეკო პროდუქტებისა და სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაცია მოხდება, რომელსაც ათობით მილიონი ინტერნეტ მომხმარებელი გაეცნობა.

დღის ამბები