12 აგვისტო 2022,   07:24
ვრცლად
დადგებიან თუ არა საოჯახო სასტუმროები დახურვის საფრთხის წინაშე - რეგიონებში გაზის ფასი იზრდება

რეგიონებში გაზის ტარიფი 6-დან 20 თეთრამდე იზრდება. 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი აირი 1.15 ლარი ხდება. გაზის გაძვირებამ, შესაძლოა, ინფლაციური წნეხი გაზარდოს, რადგან მწარმოებლური პროდუქცია გაიზრდება და ეს ინფლაციაზე აისახება.

რას გამოიწვევს რეგიონებში ბიზნესისთვის გაზის ტარიფის გაზრდა და რა პრობლემების წინაშე დადგებიან საოჯახო სასტუმროები - "რუსთავი 2" ენერგეტიკოსს, მურმან მარგველაშვილს ესაუბრა. 

ენერგეტიკოსი ამბობს, რომ საქართველოში გაზზე ფასები ხელოვნურად და არარეალისტურად არის დაწეული, ამიტომაც სახელმწიფო ტარიფის შენარჩუნება არ შეუძლია. შესაბამისად, გაზს უნდა ედოს თავისი ფასი და შემდეგ ბაზარი ოპტიმალურად გადაანაწილებს ხარჯებს.

"ფასების ზრდა, სავარაუდოდ, შეესაბამება იმ ცვლილებებს, რაც ერთის მხრივ, საერთაშორისო ბაზრის ფასებში არის და მეორეს მხრივ, ის გაზის ფასები, რაც ჩვენთანაა, არარეალისტურად დაბალია. ამიტომ ამის დიდი ხნით გაგრძელება ალბათ სახელმწიფოსაც არ შეუძლია, იმიტომ, რომ ხელოვნურად დაწეული ფასებია, რომელსაც ჩვენ მაინც ვიხდით და ჩვენს ხარჯზე ხდება ყველაფერი, უბრალოდ მოსახლეობას არ ვუზრდით ტარიფს, სამაგიეროდ ვზრდით ტარიფებს იქ, სადაც მათი სამუშაო ადგილები უნდა იყოს და რისი პროდუქტიც უნდა იყიდონ.

ცნობილი და აპრობირებული წესია, რომ ყველა საქონელს თავისი ფასი უნდა ედოს სწორი და მერე ბაზარი ოპტიმალურად გადაანაწილებს ხარჯებს. რაც შეეხება მოსახლეობას, თუ არის მოწყვლადი მოსახლეობა, იმას მიზნობრივი დახმარება სჭირდება, თორემ ტარიფის შემცირებით ყველაზე მეტ სარგებელს იღებს მდიდარი, რომელიც იმ გაზს მოიხმარს და მას არ სჭირდება დახმარება. დახმარება, ვისაც სჭირდება იმას გავუწიოთ და ფასი დავაყენოთ ის, რაც არის რეალური, ეს იქნება ყველაზე სწორი. ნურც იმით მოვიტყუებთ თავს რომ გავუზრდით ფასს ორგანიზაციებს, მათ პროდუქტს გავაძვირებთ, ეს მაინც მოსახლეობის გადასახდელია საბოლოოდ," - განაცხადა მარგველაშვილმა.

რამდენად დაზარალდებიან საოჯახო სასტუმროები და რა არის მათი გადარჩენის გზა

"საოჯახო სასტუმროები ამ კოვიდის პირობებში და ზამთარში განსაკუთრებით დაზარალდნენ. შეიძლება უფრო დაიზოგოს გაზი, თუ ამისკენ მიმართავენ ძალისხმევას, ენერგოეფექტიანობას თუ გადააკეთებენ, ფანჯრებს გააკეთებენ კარგი შემინვით, კარგი თბოიზოლაციით, მაშინ ამითი შეძლებენ რომ [გადარჩნენ]. ეს იქნება სწორი. იმის ნაცვლად, რომ ამ გაზის ფული ვიხადოთ ჩვენ სხვა ქვეყნებში, ჩვენთან მოდი გავაკეთოთ ეს საქმე - ენერგოეფექტიანობა ავამაღლოთ ჩვენი საქმიანობის, ჩვენი სახლების, ჩვენი შენობების. მერე უკვე ბაზარი თვითონ უბიძგებს საით უნდა წავიდეს საზოგადოება - ძვირიანი გაზი ფლანგოს თუ დაზოგოს და შესაბამისი თანხა გამოიყენოს ენერგოეფექტიანობის გასაზრდელად," - აცხადებს მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, რომ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი თბილისში თითქმის ერთი წელიწადია გაიზარდა. "თბილისი ენერჯის" მომხმარებლები 1მ3 ბუნებრივ აირში 1.10 ლარს იხდიან. მანამდე მოქმედი ტარიფი იყო 0.86 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ტარიფის ცვლილება არ ეხება რეგულირებად აბონენტებს, ანუ ფიზიკურ პირებს.

დღის ამბები