12 აგვისტო 2022,   06:32
ვრცლად
თვითნასწავლი ხელოსნები ვეღარ დასაქმდებიან - რა იქნება საჭირო ლიცენზიის მოსაპოვებლად

რა უნდა გაკეთდეს, რომ მშენებლობისას გამოუსწორებელი ხარვეზი თავიდან იყოს აცილებული და ქვეყანა შენობების ნგრევის საფრთხის წინაშე აღარ აღმოჩნდეს -პარლამენტი ხელოსანთა ლიცენზირებისა და პროფესიონალიზმის საკითხს განიხილავს. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მოქალაქე მარიამ ჭყონიამ მიმართა.

როგორც საკანონმდებლო ინიციატივაშია აღნიშნული, ხელოსანთა ლიცენზირების და პროფესიონალიზმის საკითხის საჭიროებაზე მიუთითებს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევაც.

"მოგეხსენებათ იმ ტრაგიკული ამბის შესახებ რაც ბათუმში მოხდა, აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ უკვე დროა ვიფიქროთ შემდეგ საკანონდებლო პროექტზე, რომელიც დაარეგულირებს ხელოსანთა ლიცენზირების და პროფესიონალიზმის საკითხს. თუნდაც იმიტომ, რომ ვისაც არ ეზარება ყველა ხელოსნობას იბრალებს და მოქალაქეებს სხვადასხვა სახის ზიანს აყენებს.

აქედან გამომდინარე, უნდა შეიქმნას ან გამოიყოს ან მოხდეს დაქვემდებარება, თუნდაც თბილისის მერიაში ხელოსანთა აღრიცხვიანობის ან/და ლიცენზირების გაცემის საკითხთან მიმართებაში. აი სათანადო მაგალითია ტაქსის მძღოლების რეფორმა, რომელსაც ქ. თბილისის მერმა ბატონმა, კახა კალაძემ იდეალურად გაართვა თავი. გთხოვთ იმსჯელოთ ჩემს საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით," - აღნიშნულია მარიამ ჭყონიას საკანონმდებლო ინიციატივაში.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაევალა განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება და გადაწყვეტილება აცნობოს ბიუროს.

შესაბამისად, "რუსთავი 2" საკითხთან დაკავშირებით მეტი დეტალის გარკვევას შეეცადა.

ვინ უნდა გასცეს და რომელ უწყებას დაექვემდებარება ხელოსნების ლიცენზირების საკითხი; ვინ უნდა გააკონტროლოს ხელოსანთა აღრიცხვიანობის ან/და ლიცენზირების გაცემა; ლიცენზიის მიღებაში ხელოსნებს დასჭირდება, თუ არა თანხის გადახდა; როდის მოხდება საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა - ამ და სხვა კითხვებთან დაკავშირებით "რუსთავი 2" დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, ეკა სეფაშვილს ესაუბრა.

ეკა სეფაშვილის თქმით, მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც პარლამენტში 11 ოქტომბერს შევიდა, უახლოეს მომავალში დაიწყება. სეფაშვილი, განმარტავს, რომ ამ ეტაპზე, წინასწარ ზუსტი ფორმულირება გაუჭირდება, რადგან საკითხი კარგად უნდა გაიწეროს და ჩამოყალიბდეს.

"ეს ინიციატივა ჯერ არ განგვიხილავს, თუმცა გეტყვით, ეს არ არის მარტივი ინიციატივა, რომ ერთ ან ორ კვირაში გადაწყდეს. ამ საკითხზე მუშაობას როგორ და რა მიმართულებით დავიწყებთ, ეს ჯერ კიდევ განხილვის საკითხია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ "სივრცითი დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის შესახებ" განახლებული კოდექსი ჩვენ 2018 წელს მივიღეთ და აქ ასახული ევროდირექტივების მიღება უკვე ჩვენი ვალდებულებაა, სწორედ ამ ევროდირექტივების დანერგვა და განხორციელება ხდება საქართველოში.

ამ ინიციატივას რაც შეეხება, გარდა დარგობრივი ეკონომიკის სფეროებისა, აქ საკითხი განათლების თემასაც ეხება, იმიტომ, რომ გარკვეულწილად პროფესიული განათლების საკითხები და პროფესიული განათლების საკითხები თავის მხრივ უამრავ ასპექტს მოიცავს და ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტა არ შეიძლება. მოიცავ ბევრ სფეროს, შესაბამისად, ბევრი ექსპერტი და სპეციალისტი უნდა იყოს ჩართული ამ კანონპროექტის შემუშავებაში, დანერგვასა და განხორციელებაში," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

თუ რომელ უწყებას დაექვემდებარება ხელოსანთ ლიცენზირების საკითხის რეგულირება - დეპუტატი ამბობს, რომ წინასწარ ვერ ისაუბრებს, თუმცა მას მიზანშეწონილი არ ჰგონია, რომ ეს მერიის პრეროგატივა გახდეს.

"ჩემი პირადი მოსაზრებით ცალსახად ვერ დავეთანხმები, რომ მერიას მივაბათ," - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

იქნება, თუ არა ლიცენზიის მისაღებად თანხა გადასახდელი - "რადგან საკითხზე ჯერ არ გვიმსჯელია - ფასიანი იქნება, თუ უფასო, ამაზე წინასწარ საუბარი ნაადრევია. ამ კანონპროექტზე მუშაობის დროს იმ ხალხსაც შევეკითხებით, ვისაც ეს შეეხება, მათ აზრსაც მოვისმენთ. ფართო ჩართულობაა საჭირო იმისთვის, რომ ყველასთვის მისაღები გახდეს.

ამასთან, განათლება აუცილებელია სამშენებლო პროცესში, მათ გარკვეული ცოდნა და უნარ-ჩვევები სჭირდებათ. აქ დგება უკვე იმ სპეციალისტთა სერტიფიცირებისა და აღიარების საკითხი, ვინც ეს ხელოსნებს უნდა ასწავლოს," - აღნიშნა სეფაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, კომიტეტი საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავს.

გარდა ამისა, "რუსთავი 2" დაუკავშირდა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს, იმის გასარკვევად, თუ რამდენად მისაღები იქნება მათთვის ხელოსანთა ლიცენზირების საკითხის ინიცირება, ფიქრობენ, თუ არა რომ ეს სფერო საჭიროებს დარეგულირებას და რა გამოწვევების წინაშე დადგებიან კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში.

სამშენებლო კომპანია "ბიქეი ქონსთრაქშენის" წარმომადგენელი, ბაკურ ბერეკაშვილის თქმით, ინიციატივა მათთვის მისასალმებელია და მნიშვნელოვანია, რომ დაიწყო მუშაობა ხელოსნების პროფესიონალიზმის საკითხზე.

"აღნიშნული ცვლილებები სასარგებლოდ წაადგება სამშენებლო სექტორს და დადებით გავლენას მოახდენს ზოგადად მშენებლობების ხარისხზეც. გარდა ამისა, თავად ხელოსნებისთვის იქნება ეს კანონი სასარგებლო, რადგან მარტივად მოხდება პროფესიონალის და მოყვარულის იდენტიფიცირება. შესაბამისად ლიცენზირებული ხელოსნის შრომას მეტი ფასიც დაედება," - აღნიშნავს ბაკურ ბერეკაშვილი.

 ბერეკაშვილის განმარტებით, მათმა კომპანიამ უკვე დაარსა სამშენებლო კოლეჯი, რომელიც ზრუნავს პროფესიონალების ჩამოყალიბებაზე.

"კარგია, რომ დაიწყო ამ მიმართულებით მსჯელობა, რადგან ჩვენ დიდი ხანია გვაწუხებს ხელოსნების პროფესიონალიზმის საკითხი. სწორედ ამიტომ, განათლების სამინისტროსთან ერთად დავაარსეთ სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2", რომელიც მდებარეობს ქალაქ ზესტაფონში. აქ ხდება კადრების გადამზადება სხვადასხვა სამშენებლო პროფესიების მიხედვით. კოლეჯი დაარსდა ჩვენი კომპანიის, "ბიქეი ქონსთრაქშენის" და სახელმწიფოს ერთობლივი დაფინანსებით. კოლეჯს აქვს თავისი კამპუსიც, სადაც საქართველოს ნებისმიერი კუთხის წარმომადგენელი შეძლებს ცხოვრებას, სწავლის პერიოდში სრულიად უფასოდ. "კონსტრუქტ2"-ში გადამზადებულ კადრებს კი ვასაქმებთ ჩვენთან, "ბიქეი ქონსთრაქშენის" მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე. სწავლა შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან, რაც ნიშნავს, რომ კოლეჯ დამთავრებული ხელოსანი არის თავისი საქმის პროფესიონალი, აქვს სერტიფიკატი და ასეთი ადამიანი ყოველთვის უფრო ღირებულია ნებისმიერი სამშენებლო კომპანიისთვის," - ამბობს ბაკურ ბერეკაშვილი.

ბაკურ ბერეკაშვილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ინიცირება სამშენებლო კომპანიების საქმიანობას არ შეაფერხებს.

"ვფიქრობ, რომ ადვილად ავუწყობთ ფეხს აღნიშნულ ცვლილებას, რადგან ამ მიმართულებით ჩვენს კომპანიას, საკმაოდ დიდი რესურსი აქვს ჩადებული და ჩვენი ხელოსნების დიდი ნაწილი უკვე სერტიფიცირებულია," - განმარტავს ბერეკაშვილი.

რაც შეეხება რამდენად მისაღები იქნება მათთვის ხელოსნებისთვის ლიცენზია ფასიანი იყოს - "ბიქეი ქონსთრაქშენის" წარმომადგენელი ამბობს, რომ მათ გათვალისწინებული აქვთ  ფინანსური რესურსი კადრების სერტიფიცირებისთვის.

"ჩვენ კონკრეტულ მაგალითზე, თუ ვიმსჯელებთ, ჩვენ უკვე გვაქვს გამოყოფილი რესურსი ჩვენი კადრების გადამზადებასა და სერტიფიცირებაზე. ამ ეტაპზე უკვე 200-მდე კადრი გადამზადდა ჩვენს კოლეჯში, რომელიც დასაქმდა "ბიქეი ქონსთრაქშენში". ეს ადამიანები არიან სერტიფიცირებული ხელოსნები. დაველოდებით ცვლილებებს და ვეცდებით, რომ ვიმოქმედოთ ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე," - აცხადებს ბაკურ ბერეკაშვილი.

შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს ბათუმში ტრაგედია დატრიალდა - 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამოინგრევის შდეგად მოქალაქეები ნანგრევებში ცოცხლად დაიმარხნენ. მომხდარს 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანი იყო. შს სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულია მეპატრონე იმ ბინის, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და 2 მუშა, რომელთაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები