08 დეკემბერი 2021,   13:52
ვრცლად
ადვოკატები ექსპრეზიდენტთან წერილობითი კონტაქტის შეზღუდვას აპროტესტებენ - სააკაშვილის უფლებადამცველები ალტერნატიული კონსილიუმის შექმნასაც განიხილავენ

"განიხილება ალტერნატიული კონსილიუმის შექმნა" - ამის შესახებ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატმა განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის შოთა თუთბერიძის თქმით, იმისთვის, რომ სხვადასხვა პოზიცია და ექიმთა სხვა მოსაზრებებიც გაიგონ, ექიმთა სხვა ჯგუფის შექმნა აუცილებელია. ამასთან შოთა თუთბერიძე მსჯავრდებულსა და ადვოკატებს შორის შეხვედრის ოთახში არსებულ ახალ ბარიერზეც საუბრობს.

მისი თქმით, კოვიდრეგულაციის მოტივით, ციხის ადმინისტრაციამ, წვრილი ბადით გადაკეტა ის ადგილი, რომელსაც ადვოკატები მიხეილ სააკაშვილთან წერილობითი კომუნიკაციისთვის იყენებდნენ.

მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი შეხვედრის ოთახში ბარიერის შექმნას სააკაშვილისთვის დაცვის უფლების წართმევად აფასებს, რადგან მისი თქმით, დაცული კომუნიკაციისთვის აუცილებელი იყო წერილობითი კონტაქტი, რისი საშუალებაც მათ უკვე აღარ აქვთ:

"მიხეილ სააკაშვილს ფაქტობრივად წაართვეს დაცვის უფლება, ვინაიდან ადვოკატებს აღარ გვაქვს შესაძლებლობა მასთან კომუნიკაციის, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი შეხვედრის ოთახი აღჭურვილია ვიდეოკამერებით და ხორციელდება აგრეთვე აუდიოჩაწერა და იმისთვის, რომ ჩვენი კომუნიკაცია ყოფილიყო დაცული, მას წერილობით ვეკონტაქტებოდით, რისთვისაც დატოვებული იყო სივრცე, ანუ არ იყო ჩვენ შორის ბარიერი ბოლომდე ამოვსებული. დღეს, როცა შევედით შეხვედრების ოთახში აღმოვაჩინეთ, რომ ამ ოთახშიც რემონტი ჩაუტარებიათ და ეს სივრცეც იყო ამოქოლილი. უკრაინის მოქალაქეებს, რადას დეპუტატებს და ჟურნალისტებს არ უშვებენ ქვეყანაში, არ ვიცი რა კომენტარი შეიძლება გავაკეთოთ," - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

 

დღის ამბები