08 დეკემბერი 2021,   14:41
ვრცლად
"თაობები და ოჯახები ვიკრიბებით იმისთვის, რომ გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე" - თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები იკრიბებიან 

თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიებისთვის სამზადისი დილიდან დაიწყო. ადგილზე დამონტაჟდა სცენა, საიდანაც მთავარ მოედანზე შეკრებილებს "ქართული ოცნების" ლიდერები მიმართავენ. შეკრებას დილიდან სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები ეტაპობრივად უერთდებიან, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში იყოს მშვიდობა.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ქვეყნის განვითარება არის მათი მთავარი მიზანი და დღეს შემაჯამებელ შეკრებაზე მათი ოპონენტები ამას კიდევ ერთხელ დაინახავენ.

აქციაზე იმყოფება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი, რომელიც ამბობს, რომ თავისუფლების მოედანზე პოზიტიური მუხტია და 30 ოქტომბრის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

"თაობები და ოჯახები ვიკრიბებით იმისთვის, რომ გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე და ხვალიდან გადაიფურცლოს ის მნიშვნელოვანი ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომ დავასრულოთ ერთად პოლარიზება, დაპირისპირება, უპასუხისმგებლობა, რასაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ უხვად იყოს ქართულ რეალობაში,“ - ამბობს რატი იონათამიშვილი.

თავისუფლების მოედანზე დილიდან იმყოფება მმართველი გუნდის წარმომადგენლების ნაწილი. ისინი დღევანდელი შეკრების მიზეზებთან და მთავარ გზავნილთან დაკავშირებით საუბრობენ.

"არჩევანი ძალიან მარტივია აქ, განვითარებასა და ნგრევას შორის, ადამიანის უფლებების დაცვასა და წამებას შორის. განსხვავება ძალიან მარტივია, არჩევანიც მარტივია. დღევანდელი ეს შეხვედრა ემსახურება იმას, რომ კიდევ ერთხელ შემოვუძახოთ ერთმანეთს, რომ გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი,“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ აქცია ძალადობის და ძალმომრეობის წინააღმდეგ არის მიმართული.

"ეს არის ღირსეული ქართველების აქცია, რომელიც მიმართულია ძალადობის, ძალმომრეობის, უღირსობის წინააღმდეგ, რის განსახიერება და ეტალონი გახლდათ მიხელ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

დღის ამბები