08 დეკემბერი 2021,   14:00
ვრცლად
"ღირსებისა და თავისუფლებისათვის" - "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობით მივლენ

"ღირსებისა და თავისუფლებისათვის" - ამ მთავარი გზავნილით, თბილისის ცენტრალურ მოედანზე ათასობით მოქალაქე ორ საათში შეიკრიბება. "ქართული ოცნების" შემაჯამებელ აქციაზე, მმართველი პარტიის მხარდამჭერები საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოდიან. ავტოკოლონების ნაწილი ქალაქში უკვე შემოვიდა. მმართველი პარტიის მხარდამჭერები დილიდან დაიძრნენ აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან, ახალციხიდან, კახეთიდან და სხვა რეგიონებიდან. ისინი სამარშუტო ტაქსებით, ავტობუსებითა და მსუბუქი მანქანებით დედაქალაქისკენ გამოემართნენ.

კოლონების სიმრავლის გამო მაგისტრალებზე საცობებია. ბოლო გაჩერება თავისუფლების მოედანია, სადაც 17:00 საათზე მათ სიტყვით "ქართული ოცნების" ლიდერები მიმართავენ.

მმართველი პარტიის მხარდამჭერების ნაწილი, რომელთა უმრავლესობაც "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან,  რესპუბლიკის მოედანზე უკვე შეიკრიბა, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ.

"იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ინფორმაციით, დღევანდელ ღონისძიებაზე ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, ბუნებრივი იყო, რომ იქნებოდა გარკვეული შეფერხებები გზაზე, თუმცა, ჩვენმა მეგობრებმა, ორგანიზაციის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ერთობლივად, თავიანთი სახსრებით, მაქსიმალურად გაეკეთებინათ მობილიზება, რათა დღეს ყველა ერთად შევკრებილიყავით თბილისში. ეს არის მთავარი იდეა, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა და არამარტო დღეს, დააფიქსირებს თავის პოზიციას, რომ ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს მშვიდობიანი, ევროპული განვითარება,"- აცხადებს ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე. 

დღის ამბები