08 დეკემბერი 2021,   14:31
ვრცლად
"კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია" - ეპიდემიოლოგები მოსახლეობას რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისა და აცრისკენ მოუწოდებენ

42 გარდაცვლილი, 4337 ახალი შემთხვევა და 3 137 გამოჯანმრთელებული - ასეთია ბოლო 24 საათის კოვიდ სტატისტიკა. დამძიმებული ეპიდვითარების ფონზე მედიკოსთა რეკომენდაციები უფრო კატეგორიული ხდება. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისა და აცრისკენ მოუწოდებენ.

სავარაუდოდ ნოემბერი ჰოსპიტალური სექტორისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდება. ექიმები დაინფიცირებულთა რაოდენობის გასამმაგებას და შესაბამისად გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ.

"ამ პერიოდისათვის ჩვენ არ უნდა გვქონდეს ასეთი დრამატული სიტუაცია. ეს პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია ვაქცინირებულ ადამიანებთან და კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია. ჯერჯერობით ჰოსპიტალური სექტორი ვუძლებთ ამას და გარკვეულწილად ჩვენც გვჭირდება გაფრთხილება, რომ მუშაობა შევძლოთ," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება ინფიცირებულ არასრულწლოვნებს, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი ამბობს, რომ პაციენტთა უმრავლესობა მცირე ასაკის, ერთ წლამდე ბავშვები არიან. მისი თქმით, კლინიკაში მოთავსებული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არცერთი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე:

​"პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არცერთი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე. რაც შეეხება ასაკობრივ მომართვიანობას ეს არის ძირითადად წლამდე ასაკის ბავშვები, შემდგომ უკვე ბაღის ასაკის ბავშვები და სულ რამდენიმე გვყავს მოზრდილი ასაკის ბავშვები. ძირითადი მიზეზი მომართვიანობის არის მაღალი ცხელება, კუნთების და თავის ტკივილი და გაციების ნიშნები," - განაცხადა დავით რეხვიაშილმა.

 

დღის ამბები