06 დეკემბერი 2021,   03:54
ვრცლად
გაუმკაცრდა თუ არა პირობები ციხეში მყოფ ექსპრეზიდენტს - მისი ჯანმრთელობის შესასწავლად, შესაძლოა, ექიმთა ალტერნატიული კონსილიუმი შეიქმნას

ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, შიმშილობის 26-ე დღის მიუხედავად, კვლავ არ აპირებს ციხის საავადმყოფოში გადასვლას: ან სიკვდილი, ან თავისუფლება - ასეთი იყო დღევანდელი წერილის მთავარი გზავნილი.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს არ დამძიმებულა, თუმცა, მისი ინტერესების დამცველების მხრიდან ხელისუფლების მისამართით დღესაც ისმოდა კრიტიკა, რომ ისინი კონსილიუმის გადაწყვეტილებას არ ემორჩილებიან და საფრთხეს უქმნიან ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს. დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ მალე ექიმთა ალტერნატიული კონსილიუმიც შეიქმნას. 

მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ქართველ კოლეგებთან ერთად მალე უცხოელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან. ამ მიზნით, საქართველში უკვე ჩამოსულია ჰოლანდიელი ექიმი, ხვალ კი ვიზიტს უკრაინელი ექიმიც გეგმავს. 

დღეს ექსპრეზიდენტთან აუდიენციიდან გამოსულმა კობა ნაყოფიამ თქვა, რომ მსჯავრდებულის საკანში უსაფრთხოების ნორმები გაამკაცრეს: ექსპრეზიდენტს ციხის ფანჯრები ჩაუკეტეს და დაუბურეს, ადვოკატების გარდა სხვა პირებს კი მისი წერილების გამოტანა საერთოდ აეკრძალათ. ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა კატეგორიულად უარყო. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მინა გამოიცვალა მხოლოდ იმ საშხაპეში, სადაც ის მსჯავრდებულმა თავად დააზიანა, ხოლო წერილების გაგზავნას რაც შეეხება, სპეციალურად მიხეილ სააკაშვილისთვის არანაირი შეზღუდვა არ ამოქმედებულა. 

უკვე რამდენიმე დღეა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სხვადასხვა პროფილის ექიმებით დაკომპლექტებული კონსილიუმი იკვლევს. ექსპრეზიდენტის პირადი ექიმის მოთხოვნით, მათ, შესაძლოა, გასტროენტეროლოგი და არითმიის სპეციალისტიც დაემატოს. ციხის ეზოში მორიგეობს რეანომობილიც. სწორედ ამ ბრიგადის ექიმები აღმოუჩენენ სააკაშვილს პირველად დახმარებას, იმ შემთხვევაში, თუკი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ ერთხელ კრიტიკულად გაუარესდება.

დღის ამბები