06 დეკემბერი 2021,   03:34
ვრცლად
ანტივაქსერების მიერ დაბრკოლებული პიროვნება, რომელიც შეიძლება ვირუსით გარდაიცვალოს, ამ კამპანიაში მყოფი ადამიანების მძიმე ტვირთია - მარინა ეზუგბაია

დამძიმებული ეპიდვითარების ფონზე, სპეციალისტები ვაქცინაციის გარდაუვალ აუცილებლობაზე საუბრობენ. 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ანტივაქსერულ კამპანიაში მყოფი ადამიანების პასუხისმგებლობაა იმ ადამიანების გარდაცვალება, რომელიც ამ კამპანიის გავლენით არ იცრება და შემდგომ ინფიცირდება.  

"ძალიან დიდ ტვირთს იღებენ საკუთარ მხრებზე, თითოეული მათგანის მიერ დაბრკოლებული პიროვნება, რომელიც ინფიცირდება და შეიძლება ამ ინფიცირებული პიროვნების სიცოცხლე სიკვდილით დამთავრდეს, მართალი გითხრათ, ამ ანტივაქსერულ კამპანიაში მყოფი ყველა ადამიანის მძიმე ტვირთია. ჩვენ ყველანი ვაგებთ პასუხს ჩვენს ქმედებებზე. დაანებონ თავი აგიტაციას და ანტივაქსერულ მოძრაობას, გადმობრძანდნენ ჩვენს რიგებში და მოსახლეობას დაანახონ და გააგებინონ, რომ ვაქცინაცია არის კოვიდდაავადების დამმარცხებელი, სხვა გზა ჩვენ არ დაგვრჩენია,"- აცხადებს ეზუგბაია.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე კი იმ სირთულეებზე საუბრობს, რაც გრიპისა და კორონავირუსის ერთმანეთზე დართვამ შეიძლება გამოიწვიოს. 

"ის, რომ შესაძლებელია, ადამიანს ორივე ვირუსი ჰქონდეს და, აქედან გამომდინარე, გრიპისა და კორონავირუსის ერთდროული არსებობა, რა თქმა უნდა, მდგომარეობის უფრო დამძიმებას გამოიწვევს, უფრო მეტი ადამიანი შეიძლება მოხვდეს საავადმყოფოში, ამიტომ, ორივე ვირუსის ერთდროული არსებობა დიდ რისკთანაა დაკავშირებული. მეორე საფრთხე, რაც გრიპის ვირუსს აქვს - შესაძლებელია, ამ ვირუსის მქონე პაციენტს ასევე დასჭირდეს საავადმყოფოში მოხვედრა, ასევე დასჭირდეს საწოლები, რაც უფრო მეტ ზეწოლას გამოიწვევს ჰოსპიტალურ სექტორზე"-აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში, ვირუსს კიდევ 43 ადამიანი ემსხვერპლა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ კოვიდის დიაგნოზით 9 831 პაციენტი გარდაიცვალა.

დღის ამბები