27 ნოემბერი 2021,   03:04
ვრცლად
მადლობა ღარიბაშვილს არსებობისთვის, გვიადვილებს პოლიტიკურ ცხოვრებას, მკაფიოდ წარმოაჩენს კონტრასტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის - ნიკა მელია

პრემიერ-მინისტრის განცხადებებს, რომ ოპოზიციონერი კანდიდატების გამარჯვება შედეგის თვალსაზრისით ალოგიკურია, უკვე უპასუხეს ოპონენტებმა.

ოპოზიციის შეფასებით, მმართველი გუნდის ამგვარი რიტორიკა მეორე ტურში დამარცხების შიშზე მიანიშნებს.

ამასთან, ოპოზიციურ პარტიებში მოჰყავთ საწინააღმდეგო არგუმენტებიც და ირწმუნებიან, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულების ფუნქციონირებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება.

"მე მინდა ბატონ ღარიბაშვილს პირადად მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ არსებობს. მადლობა მას არსებობისთვის, გვიადვილებს პოლიტიკურ ცხოვრებას და კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს იმ კონტრასტს, რომელიც არსებობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ანუ ალტერნატივას და ხელისუფლებას შორის," - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ.

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, "ქართული ოცნება" მოსახლეობას ეუბნება, რომ ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ქალაქის მთავრობა ვერ იმუშავებს.

"ეს არის მოსახლეობის შანტაჟი. ვერცერთი პარტია ვერ წავა მოსახლეობის უმრავლესობის ნების წინაშე. როდესაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ მთავრობა აქ უნდა იყოს კოალიციური, როგორ არ დაემორჩილებიან მოსახლეობის ნებას, მაგასაც ვნახავთ," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პრემიერის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა.

"საქართველო იქნება ძლიერი, ფოთში იქნება ერთი პარტიის მერი, ზუგდიდში შეიძლება - მეორე და ცენტრალური მთავრობა შეიძლება იყოს სხვა, ყველას ესმის თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რომ შეიძლება იკამათო, მაგრამ ამავე დროს უფლებამოსილებების და შენი ვალდებულებების ფარგლებში გააკეთო ის საქმე, რაც ამომრჩეველმა დაგავალა.

2013 წელს მე ვიყავი ჯერ კიდევ მერი და თვითონ ხელისუფლებაში და მთელი დღე და ღამე მარტო მე მებრძოდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, მერიას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია, პირიქით, ბევრი პროექტი კეთდებოდა," - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები