27 ნოემბერი 2021,   03:40
ვრცლად
აღარ მივცემთ კონკრეტულ ლობისტებს საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზირების საშუალებას - ირაკლი კობახიძე 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, კონკრეტული ევროპარლამენტარები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ლობისტები არიან და შესაბამის განცხადებებსაც აკეთებენ. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ლობისტების გავლენით წარსულში რამდენიმე შემთხვევაში მართლმსაჯულების პოლიტიზირება მოხდა, თუმცა მისი თქმით ამას უკვე წერტილი დაესვა.

"კონკრეტულ კრიმინალებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს და არა მარტო მას, გახსოვთ რურუაზე, ოქრუაშვილზე და უგულავაზე რა ხდებოდა, იცავენ კონკრეტული ერთი და იგივე გვარები, ლობისტები ჰყავთ მათ ევროპარლამენტში, თუმცა მათი ხმა არავითარ შემთხვევაში არაა გადამწყვეტი. ცალკეულ ეტაპზე სამწუხაროდ მათი ჩარევა აღმოჩნდა წარმატებული, კერძოდ მოხდა მართლმსაჯულების პოლიტიზირება, ერთ შემთხვევაში პრეზიდენტმა შეიწყალა, სხვა შემთხვევაში ამნისტიის კანონით მოხდა გამოშვება. ანუ მათ ჰქონდათ წარმატებული მაგალითები ამ ქვეყანაში მართლმსაჯულების პოლიტიზირებისა, თუმცა ამას ერთხელ და სამუდამოდ დაესვა წერტილი. აღარ მივცემთ კონკრეტულ ლობისტებს საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზირების საშუალებას. ლობისტებს აქვთ თავისი საქმე იღებენ ამაში ფულს და რა თქმა უნდა ვერ გავამტყუნებთ. ფული აქვთ აღებული და ლობირება უნდა გაუწიონ მიხეილ სააკაშვილს და სხვა კრიმინალებს, მაგრამ რაც შეეხება მართლმსაჯულების პოლიტიზირებას ამას წერტილი ერთხელ და სამუდამოდ დაესვა უკვე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები