18 იანვარი 2022,   12:25
ვრცლად
საქართველო ​NATO-ს ძალიან ახლო და ღირებულ პარტნიორად რჩება, გავაგრძელებთ მუშაობას პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის - სტოლტენბერგი

"საქართველო ​NATO-სთვის რჩება ღირებულ პარტნიორად, გავაგრძელებთ მუშაობას, როგორ შეგვიძლია პარტნიორობის გაძლიერება, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა" - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს ბრუსელში თავდაცვის მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მინდა ნათლად ვთქვა, რომ საქართველო რჩება ძალიან ახლო და ღირებულ პარტნიორად NATO-სთვის. ჩემი სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი, რომელმაც იცის როგორ მუშაობს NATO და როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ პარტნიორობა საქართველოსთან, როგორ ვიმუშაოთ მჭიდროდ რეგიონის ქვეყნებთან.

მე ვიცნობ მას როგორც ძალიან მცოდნე დიპლომატს, რომელსაც შეუძლია დაგვეხმაროს და მხარი დაგვიჭიროს რეგიონში NATO-ს მცდელობებში სხვადასხვა გზით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ პარტნიორობა საქართველოსთან, როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ორივე ვუზრუნველყოფთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ველოდებით ახალ წარმომადგენელთან მუშაობას ამის გასაკეთებლად," - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

იენს სტოლტენბერგმა NATO-სა და რუსეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა. როგორც NATO-ს გენერალური მდივანი ამბობს, NATO-რუსეთის ურთიერთობები ცივი ომის შემდეგ ასეთ დაბალ ნიშნულზე არ ყოფილა.

მან ასევე ყურადღება ალექსეი ნავალნიზეც გაამახვილა. როგორც იენს სტოლტენბერგი ამბობს, რუსი ოპოზიციონერის სახაროვის ჯილდოთი დაჯილდოება ნავალნის ციხიდან გათავისუფლების მოწოდებაა.

"მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ალექსეი ნავალნი სახაროვის ჯილდოთი დაჯილდოვდა. ეს მნიშვნელოვანი აღიარებაა იმ მნიშვნელოვანი როლის, რაც მას წლების განმავლობაში დემოკრატიის ღირებულებების მხარდაჭერაში ჰქონდა, ის რუსეთში ძლიერი ხმა იყო. პრიზი მოწოდებაა მისი ციხიდან უპირობო გათავისუფლებისკენ და საერთაშორისო გამოძიებისკენ თუ რა მოხდა რეალურად.

NATO-ს მოკავშირეებმა დაგმეს მასზე განხორციელებული წარუმატებელი თავდასხმა. ცივი ომის შემდეგ NATO-რუსეთის ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, ამის მიზეზი კი რუსეთის ქცევაა. ის შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში, მოახდინა კიდევ ერთი ქვეყნის ანექსირება, ის დიდ ინვესტიციას დებს ატომურ შესაძლებლობებში, არღვევს შეიარაღების კონტროლზე დაწესებულ შეთანხმებას. რუსეთი პასუხისმგებელია NATO-ს მოკავშირეების მიმართ აგრესიულ პოლიტიკაზე," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ბრიუსელში დღეს თავდაცვის მინისტერიალი იხსნება, სადაც მინისტრები კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

დღის ამბები