08 დეკემბერი 2021,   14:12
ვრცლად
იკვეთება თუ არა ქურდული სამყაროს კავშირი ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეში - "კურიერის" ექსკლუზივი ანასტასია შატალოვას მკვლელობის შესახებ 

ვერსია, რომლის არსებობაც ადვოკატმა არც უარყო და არც დაადასტურა, ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან ე.წ. კანონიერი ქურდის კავშირია. "კურიერის" ინფორმაციით, გამოძიება დაკვეთის ვერსიაზე მუშაობს. 

კერძოდ, ექსკლუზიური ინფორმაციით, დამკვეთმა საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ე. წ. კანონიერ ქურდს, მეტსახელად "ჭიას" ანასტასია შატალოვას ლიკვიდაციისთვის შემსრულებლების პოვნა სთხოვა. ამის შემდეგ ლაშა ბარათელი დაუკავშირდა თბილისში ერთ-ერთ პირს, რომელსაც დანაშაული სისრულეში უნდა მოეყვანა.

"კურიერისთვის" ცნობილია ისიც, რომ მკვლელს პირობის შესრულებაში 20 000-მდე დოლარი უნდა აეღო. ვის სურდა 25 წლის ქალის თავიდან მოცილება, ამის შესახებ შემთხვევის დღიდან ბევრი ვერსია გავრცელდა, მათ შორის ფიგურირებს ზურაბ ბერიძის სახელი, რომელთანაც მოკლულს საერთო შვილთან დაკავშირებით კონფლიქტი ჰქონდა. "რუსთავი 2-ისთვის" მიცემულ პირველ კომენტარში შატალოვას დედამ თქვა, რომ მის შვილს უთანხმოება ბერიძის გარდა არავისთან ჰქონია.

ოჯახის პოზიციას კი ანასტასია შატალოვას ინტერესების დამცველი აჟღერებს. პაატა შავაძემ დღეს შატალოვას გამოკითხვის ოქმი გაასაჯაროვა. ადვოკატის თქმით, ჯერ კიდევ თვეების წინ ქალი ზურაბ ბერიძეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებდა, ოქმში წერია, რომ ზეწოლა მცირეწლოვან ბავშვზეც ხორციელდებოდა. 

სანამ გამოძიება შესაძლო დამკვეთის კვალზე გავა, მანამდე საქმეში 3 დაკავებულია. ისინი დღეს მოსამართლის გადაწყვეტილებით, წინასწარ 2-თვიან პატიმრობაში დარჩნენ. პროცესი, რომელზეც აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ პროცესი განახლდა. მხარეებმა მტკიცებულებების შესახებ ისაუბრეს, ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ და სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

ადვოკატებისგან განსხვავებით, ბრალეულობის დამამტკიცებელ უტყუარ მტკიცებულებებზე საუბრობს პროკურორი. ამოღებული ნივთები, აუდიო და ვიდეომასალა, სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც გავრცელებული ინფორმაციით ჩანს, როგორ აზიანებს ელექტროკაბელებს სავარაუდო მკვლელი რამდენიმე დღით ადრე, სანამ დანაშაულს ჩაიდენდა, ეს იმ მტკიცებულებების ნაწილია, რომლებიც ბრალდების მხარის თქმით, სამივე დაკავებულის დანაშაულში მონაწილეობას ადასტურებს.

ადილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსული მხარე საქართველოს აუცილებელ სამართლებრივ ქმედებაში დახმარებას და გარდაცვლილის მამისთვის ცხედრის დროულ გადაცემას სთხოვს.

 

დღის ამბები