06 დეკემბერი 2021,   03:55
ვრცლად
სააკაშვილის მორიგი წერილი საპატიმროდან - ექსპრეზიდენტი წერს, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და მომხრეებს პერმანენტული აქციებისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის ცენტრში გამართულ აქციაზე საპასუხო გზავნილი საკანი 320-ის პატიმრისგან მხარდამჭერებმა დღეს მოისმინეს. მიხეილ სააკაშვილის წერილი მისმა უკრაინელმა მეუღლემ გამოიტანა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დილიდან მივიდა. ექსპრეზიდენტი წერს, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და მომხრეებს პერმანენტული აქციების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

აქცია და მხარდამჭერების მობილიზება მიხეილ სააკაშვილთან შესული ადვოკატების ერთადერთი სასაუბრო თემა არ ყოფილა.

უფლებადამცველების ინფორმაციით, ექსპრეზიდენტთან მისი გათავისუფლების სამართლებრივ გზებზეც იმსჯელეს. ერთ-ერთ ასეთ მექანიზმად ადვოკატები პრეზიდენტის უარის მიუხედავად კვლავ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალების აქტის გამოცემას ასახლებენ.​

ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად დღეს შესული იყო ეპისკოპოსი მელქისედეკიც. მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ერთ-ერთია, ვინც მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერა.

საკანში პრეზიდენტთან დღეს მისი თანაპარტიელებიც იმყოფებოდნენ. დაახლოებით ერთ საათიანი აუდიენიცის შემდეგ ანი წითლიძემ ყოფილ პრეზიდენტთან საუბრის მოკლე შინაარსი მედიასთან მოყვა.

ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შექმნილია მულტიფუნქციური ჯგუფიც, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს აერთიანებს. სამუშაო შეხვედრა დღესაც გაიმართა.

იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ საკანში მესამე პრეზიდენტს უფლებები არ ეზღუდება.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას თვალს ადევნებს ომბუდსმენიც. ნინო ლომჯარიას განცხადებით, დაინტერესებულია, რომ ექსპრეზიდენტთან ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფი დროულად შევიდეს. მოშიმშილე სააკაშვილი დღის ბოლოს საკანში მოინახულა მისმა პირადმა ექიმმაც.

მესამე პრეზიდენტი 15 დღის წინ დააკავეს და ზუსტად ამდენი დღეა პროტესტის ნიშნად, გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობას განაგრძობს.

დღის ამბები