22 ოქტომბერი 2021,   23:45
ვრცლად
ქვეყანა მძლავრი ეპიდაფეთქების ზღვარზეა - 3 რეგიონში შესაძლოა შეზღუდვები ამოქმედდეს, ეპიდემიოლოგები მსხვერპლის გაზრდას პროგნოზირებენ

საქართველო ახალი ეპიდაფეთქების ზღვარზეა - სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ეპიდემიის მე-5 ტალღა უკვე დაწყებულია. 

ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღეს კახეთშია - ცხელი წერტილი თელავი და გურჯაანის მუნიციპალიტეტია. რეგიონში უკვე დაიხურა 39 სააღმზრდელო დაწესებულება და 6 სკოლა, ხოლო 75 ცალკეული კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. კახეთის კოვიდმიმღები დაწესებულებები პაციენტებს ვეღარ იღებს.

ინფექციის მკვეთრი მატებაა იმერეთსა და სამეგრელოშიც. იმერეთში დადებითობის მაჩვენებელი 14% -ს უახლოვდება. მხოლოდ ქუთაისში სასწავლო პროცესი შეწყდა 11 სააღმზრდელო დაწესებულებაში, დაიხურა ერთი სკოლა, ცალკეული 40 კლასი კი ონლაინსწავლებაზე გადავიდა.

გასულ კვირასთან შედარებით ვირუსის გავრცელება 3% -ით არის გაზრდილი სამეგრელოში. რეგიონში უკვე დახურულია სკოლა და 10 ბაღი. 

სახარბიელო მდგომარეობა არც დედაქალაქშია - თბილისში უკვე დახურულია 84 სააღმზრდელო დაწესებულება, 7 სკოლა და 90 კლასი დისტანციური სწავლების მეთოდზეა გადასული.

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა უკვე აისახა სამედიცინო დაწესებულებებზეც  - მხოლოდ ციციშვილის პედიატრიულ განყოფილებაში ყოველდღიურად 20 ინფიცირებული ბავშვი შეჰყავთ, რეანიმაციაში კი 2 თავისუფალი ადგილია დარჩენილი.

მედიკოსები ამბობენ, რომ გარდაცვლილთა მაჩვენებლები კიდევ უფრო მოიმატებს. ბიძინა კულუმბეგოვი სეზონური გრიპისა და კორონავირუსის თანდართვის საშიშროებაზეც საუბრობს. ამბობს, რომ განსაკუთრებული რისკის ქვეშ 65 წელს გადაცილებული პირები არიან.

მაღალი სტატისტიკის საპირწონე მხოლოდ ვაქცინაციის მაღალი ციფრებია. თუ მოზრდილი მოსახლეობის 80% არ იქნება აცრილი, მედიკოსები ამბობენ, რომ მე-5 ტალღას ქვეყანა მტკივნეულად გადაიტანს.

დღის ამბები