27 ოქტომბერი 2021,   04:48
ვრცლად
დღეიდან თბილისიდან რაჭაში ჩასვლა 3 საათში იქნება შესაძლებელი - საჩხერე-ონის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა გახსნილია

საჩხერის ონთან დამაკავშირებელ უმოკლეს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან უკვე შესაძლებელია. ახალი საავტომობილო გზის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრიც დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, პროექტი რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ტურისტული პოტენციალის გაზრდასაც შეუწყობს ხელს.

გზის მშენებლობის პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა. პროექტი 7 მონაკვეთად იყო დაყოფილი და მის მშენებლობაზე ოთხმა ქართულმა კომპანიამ იმუშავა. მშენებლობაზე, საერთო ჯამში, 900-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.

საჩხერე-ონის ახალი გზის დიდი ნაწილი დაუსახლებელ, ტყიან ზონაში, მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გზის გახსნის ღონისძიებაზე მთავრობის ხელმძღვანელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.

გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი და ზუდალი. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ახალი გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლებში მცხოვრები ადამიანების პირობებს.

იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, უზრუნველყოფს ბევრად უფრო უსაფრთხო და სწრაფ კავშირს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონთან, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის არა მხოლოდ გაუმჯობესებულ გადაადგილებას, არამედ ახალი შესაძლებლობების გაჩენით, სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც გულისხმობს.

დღის ამბები