21 ოქტომბერი 2021,   04:56
ვრცლად
ასაცრელად თავისი ნებით კიდევ 200 ათასი ადამიანი შეიძლება მოვიდეს, მეტი არა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ვარაუდით, თავისი ნებით ასაცრელად შესაძლოა კიდევ 200 ათასი ადამიანი მივიდეს, რაც საკმარისი არ არის და იმუნიზაციის ტემპის გასაძლიერებლად ახალი მექანიზმის გააქტიურებაა საჭირო. 

გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა წარადგინა პაკეტი, რომელიც, როგორც არაპირდაპირი, ასევე პირდაპირი მეთოდით გააქტიურებს აცრებს.

გარდა ამისა, გამყრელიძე მიიჩნევს, რომ მასწავლებლებისა და ექიმებისთვის აცრა სავალდებულო უნდა იყოს.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დღესაც საკოორდინაციო საბჭოზე წარადგინა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ეხება აცრების ინტენსიფიცირებას, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მანდატორული მექანიზმებით. არსებობს პირდაპირი, როდესაც კანონით ავალებ და არსებობს ასევე არაპირდაპირი მექანიზმი, რომელიც აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში. იმედია, რომ ჩვენთანაც იქნება ეს გადაწყვეტილებები მიღებული. ამაზე არის სერიოზული მსჯელობა. დაახლოებით მილიონამდე ადამიანი გვყავს ახლა აცრილი, 760 ათასამდე არის ორჯერ აცრილი. ჩავთვალოთ, რომ მილიონი ადამიანი აცრილია ერთჯრედად. რესურსი იმისა, რომ უფრო გაძლიერებული საინფორმაციო კამპანიით კიდევ მოვიდნენ ადამიანები ასაცრელად თავისი ნებით, როგორც აქამდე მოდიოდნენ, არის დაახლოებით, ჩვენი გათვლებით, 150, მაქსიმუმ 200 ათასი ადამიანი, მეტი არა. ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ კუმულაციური იმუნიტეტი თანდათან უფრო მეტია, ანუ აცრილი და ის, ვისაც გადატანილი აქვს. ახლა ვმსჯელობთ და დარწმუნებული ვარ, საბჭო ალბათ, მომავალ შეხვედრაზე იმსჯელებს შესაბამისი მექანიზმების შემოტანასთან დაკავშირებით. რამდენიმე ვერსიაა. ჩვენ წარვადგინეთ პაკეტი. ჩემი გადასახედიდან, ექიმებისა და მასწავლებლებისთვის მანდატორიზმს ვუჭერ მხარს ამ ორი ჯგუფისთვის. მომავალი კვირების განმავლობაში ვფიქრობ, ამაზე გადაწყვეტილებები უნდა იყოს," - განაცხადა გამყრელიძემ.

დღის ამბები