22 ოქტომბერი 2021,   22:51
ვრცლად
8-ჯერ გადავადებული და დაუმთავრებელი სპორტული მოედანი, ბიუჯეტიდან დახარჯული 200 000 ლარი პროექტებისთვის, რომელსაც დმანისის მოსახლეობა 2 წელია ელოდება

8-ჯერ გადავადებული და დაუმთავრებელი სპორტული მოედანი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯული 200 000 ლარი იმ პროექტებისთვის, რომელსაც დმანისის მოსახლეობა უკვე 2 წელია ელოდება. მმართველი გუნდის სახელით არჩეულ ქალაქის მოქმედ მერ გიორგი ტატუაშვილს, რომელიც 2 ოქტომბერს "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყრის კენჭს, ვიცემერები ერთპიროვნულ მმართველობაში ადანაშაულებენ.

ამასობაში, დმანისის მოსახლეობა კვლავ დაპირებული ინფრასტრუქტურული პროექტების მოლოდინშია. თავად ტატუაშვილი კი ამბობს, რომ ყველა დაწყებული საქმე ქალაქში ბოლომდეა მიყვანილი.

დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სპორტული მოედანი 2020 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კონტრაქტორს ჩაბარების დრო რვაჯერ გადაუვადდა.

ის, რაც გიორგი ტატუაშვილს დასრულებულ პროექტად მიაჩნია, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვაა დმანისის საკრებულოს წევრისა და ყოფილი მერის გოგა ბარბაქაძისათვის. პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ მოქმედმა მერმა საკრებულოს მაკონტროლებელი ფუნქცია სრულად უგულებელყო.

გაჭიანურებულ და დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე პასუხისმგებლობას სრულად მოქმედ მერს აკისრებენ ვიცემერებიც. არიფ სულეიმანოვი და ბადრი სუბარი ამბობენ, რომ ტატუაშვილმა ისინი სატენდერო კომისიას ფაქტობრივად ჩამოაშორა. აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები გიორგი ტატუაშვილს ერთპიროვნულ მმართველობაში ადანაშაულებენ და არც შესაძლო გადაცდომებს გამორიცხავენ.

მმართველი გუნდის კანდიდატი 2 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ტენდერების ობიექტური გამოძიების საჭიროებაზეც საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ მოკვლევის შემდეგ საქმეებით შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ.

დარღვევების შესახებ დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა დადოს. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, დაიწყება თუ არა გამოძიება მუნიციპალიტეტში დაუსრულებელ პროექტებთან დაკავშირებით.

დღის ამბები