21 ოქტომბერი 2021,   06:21
ვრცლად
400-ზე მეტ დევნილ ოჯახს წყალტუბოში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცა

400-ზე მეტ დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი აქვს. წყალტუბოში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებსაც წლების განმავლობაში სანატორიუმებში, რთულ პირობებში უწევდათ ცხოვრება, ახალი ბინის გასაღები დღეს გადაეცათ. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ 37 მილიონი ლარი დახარჯა იმისთვის, რომ დევნილებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აეშენებინათ. 

მთავრობის მეთაური ამბობს, რომ დევნილები წყალტუბოს სანატორიუმებში მძიმე პირობებში, ამორტიზებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, 140 ბინა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს 2020 წელს გადაეცათ, დღეს კი 400-ზე მეტი დევნილი ოჯახი განსახლდა. პრემიერის თქმით, წყალტუბოში ბინების მშენებლობის პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა.

ოჯახებს საცხოვრებელი ბინები სრული რემონტით ჩაბარდათ. მოეწყო მისასვლელი გზები, პარკირების ადგილები, გამწვანების ზოლი და ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე. საცხოვრებელი ბინები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

წყალტუბოში 8 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.  

დღის ამბები