21 სექტემბერი 2021,   17:48
ვრცლად
ეს არის პირდაპირი მტრობა ეკლესიის წინააღმდეგ, ეს არის შეთქმულება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ - ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაწერების შესახებ

ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი ფაქტს სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებას უწოდებს და ამბობს, რომ მასში ოპოზიციის კვალი იკვეთება. 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, გამოძიება დაადგენს, არის თუ არა ჩანაწერი ფალსიფიკაცია ან იკვეთება თუ არა კიდევ უფრო მძიმე დანაშაული. 

"მე პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ და ეკლესიის წინააღმდეგ. ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის მიერ, სააკაშვილის და სამწუხაროდ, იკვეთება სხვა მოღალატეების კვალიც მთელს ამ შეთქმულებაში. მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენს მოსახლეობას მინდა რომ ვუთხრათ - ეს არის პირდაპირი მტრობა ეკლესიის წინააღმდეგ, მღვდელმთავრების წინააღმდეგ, ეს არის მცდელობა მათი დისკრედიტაციის, ეს არის შეთქმულება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც არის ყოვლად დაუშვებელი და რა თქმა უნდა, სახელმწიფო კანონის სახელით გასცემს პასუხს და ყველას და ყველაფერს დაარქმევს სახელს.

მეორე, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ტელევიზიები ამ ყველაფერს უკეთებენ ტირაჟირებას, ამ ტყუილ-მართალს და ახდენთ დისკრედიტაციას ეკლესიის და მღვდელმთავრების.

მოსახლეობას რომ ავუხსნათ, ეს არის ბოლო მცდელობა სააკაშვილის და ოპოზიციის. იმიტომ, რომ იციან, რომ ისინი მარცხდებიან და თანაც სასტიკად მარცხდებიან ყველგან, ყველა ქალაქში, ერთის მხრივ უყურებთ, რომ არჩევნებისთვის მზადება საერთოდ არ აქვთ, იმიტომ, რომ იციან, რომ აზრი არ აქვს მათ ჩართულობას ამ არჩევნების კამპანიაში, იმიტომ, რომ აგებენ 2 ოქტომბერს. ყველაფერი გამიზნული არის არჩევნების მეორე დღისთვის, რომ რაღაც გარკვეული პროვოკაციები მოაწყონ არჩევნების დღესაც და არჩევნების მეორე დღეს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არ დაუშვებს არავითარ პროვოკაციას. ყველა მოღალატეს და მტერს ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის, გავცემთ ძალიან მკაცრ პასუხს. 

რაც შეეხება თეორიულად, მე ეს არ მითქვამს, რომ ოპოზიცია წერს, ეს არის ძალიან პრიმიტიული შეფასება. ნაცმოძრაობის და სააკაშვილის ხელწერა და სამწუხაროდ სხვა მოღალატეებიც შეუერთდნენ სააკაშვილის დიდ გუნდს, ხელწერა არის ფალსიფიკაცია და ფაბრიკაცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით.

პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებული არის გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას, რომ თეორიულად ხომ არ არის  შესაძლებელი, რომ ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი, რომელიც სხვათა შორის, კურირებდა ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და წვდომა ჰქონდათ ძალიან დიდ ინფორმაციასთან და წვდომა ჰქონდათ მათ შორის მოსმენების სამსახურთანაც.  ამაზე სპეკულირება მე არ მსურს, არ მსურს წინასწარი დასკვნები გავაკეთო, იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი უნდა დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება დაადგენს, ეს არის ფალსიფიკაცია, ფაბრიკაცია თუ კიდევ სხვა უფრო მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე,“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

დღის ამბები