28 სექტემბერი 2021,   17:46
ვრცლად
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ნიუ-იორკში დახურულ სხდომაზე განიხილეს - გზავნილები საკმაოდ ღია იყო და მისი ადრესატი კვლავ რუსეთია

გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომაზე, განხილვის მთავარი თემა რუსეთის მიწერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო. 

საკითხი ნიუ-იორკში, დახურულ სხდომაზე განიხილეს. სხდომის შემდეგ კი გზავნილები საკმაოდ ღია იყო - მისი ადრესატი კი უკვე მე-13 წელია რუსეთის ფედერაციაა.

ამჯერად გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა მოსკოვის უკანონო პოლიტიკა იმ არგუმენტითაც დაგმეს, რომელიც სტრასბურგის 21 იანვრის გადაწყვეტილებას ეყრდნობა და მოსკოვს აგვისტოს მოვლენების დროს სამოქალაქო პირების მკვლელობაზე, სამხედროების წამებაზე, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე პასუხისმგებლობა დააკისრა.

გაეროს წევრი სახელმწიფოების მოწოდება რუსეთის მიმართ უცვლელია პოლიტიკურ და სამხედრო კონტექსტშიც - დაუყოვნებლივ გაიყვანონ სამხედრო ძალები მითვისებული ტერიტორიებიდან და გააუქმოს მათი ე.წ. დამოუკიდებლობა. 

ესტონეთის, ბრიტანეთის, ამერიკის, საფრანგეთის, ნორვეგიისა და სხვა სახელმწიფოების თანადგომა საგარეო უწყებისთვის იმის ნიშანია, რომ მართალია რუსეთი უპასუხისმგებლოდ იქცევა, თუმცა მსოფლიო სიმართლის სადარაჯოზეა და რაც მთავარია საქართველოს მხარეს.

მხარდამჭერი განცხადებები გაეროში აგვისტოს ომის მოახლოებულ თარიღთან ერთად ყოველწლიურად ისმის, ყოველწლიურადვე ორგანიზაციის მთავარი სათქმელი ისაა, რომ მოსკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში სულ მცირე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები მაინც დაუშვას, რომ არაფერი ითქვას ვალდებულებების შესრულებაზე და უკან დახევაზე. უშიშროების საბჭო ადასტურებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და მთლიანობა ხელშეუხებელი უნდა იყოს.

დღის ამბები