21 სექტემბერი 2021,   18:55
ვრცლად
შეუჩერებელი მაღალი ცხელება და ხველა რამდენიმე დღის განმავლობაში, დაბალი სატურაცია - რა შემთხვევაში უნდა გადავიდეს პაციენტი კლინიკაში 

რა შემთხვევაში არ სჭირდება კოვიდინფიცირებულ პირს ჰოსპიტალიზაცია - ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილმა, ამ საკითხზე "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. 

"პაციენტს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, თუ მისი კლინიკური მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არ არის. ეს ისეთი დაავადებაა, იმის განსაზღვრა თუ რა იქნება ხვალ, სამწუხაროდ წინასწარ ვერ მოხერხდება. თუკი პაციენტს უფიქსირდება ნორმალური სატურაცია, ანუ, არ სჭირდება დამატებით სასუნთქი აპარატი, აქვს შედარებით ნორმალური ანალიზები და არ აღენიშნება მძიმე ინტოქსიკაცია, რა თქმა უნდა, მას არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. თუ პაციენტს არც სიცხე აქვს, მას მაინც უნდა ჰქონდეს აუცილებლად შემხებლობა ოჯახის ექიმთან და დამატებით კლინიკაში მოთავსება საჭირო არ არის.

ხანდახან ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნას შიშის ფაქტორი განაპირობებს, ამ შემთხვევაში შეიძლება პაციენტის განთავსება კოვიდ სასტუმროში, სადაც ასევ ხდება მისი ანალიზების ჩატარება და ასევე, იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ,"- აღნიშნავს მაია ზალდასტანიშვილი. 

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 4-5 დღის განმავლობაში შეუჩერებელი მაღალი ცხელებაა (38 გრადუსი და მეტი), ასევე, სატურაცია დაბალია, ან პაციენტს სუნთქვის უკმარისობა აღენიშნება, მისი ჰოსპიტალიზაცია შესაძლოა საჭირო გახდეს. 

"ონლაინ შეფასება ექიმისთვის ძალიან რთულია, ხანდახან არის, რომ პაციენტს ჰგონია, რომ არ ჰყოფნის ჰაერი, მაგრამ ყველაფერი კარგად არის, ფსიქოლოგიური მომენტია და ამ დროს ყოველთვის ჯობია გამოიძახოს სასწრაფო და სასწრაფოს ექიმმა შეაფასოს მისი მდგომარეობა, არის თუ არა გადასაყვანი კლინიკაში," - ამბობს მაია ზალდასტანიშვილი. 

დღის ამბები