28 სექტემბერი 2021,   18:13
ვრცლად
"ოცნების" სცენარია, დავშორდეთ დასავლეთს და აღმოვჩნდეთ იზოლაციაში - სერგო ჩიხლაძე

ავსტრალიის მოქალაქე ახალგაზრდა ქალის, შანაე ბრუკის ​მკვლელობას პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა. ოპოზიციონერი პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხდება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რაც "ქართული ოცნების" სცენარში ჯდება. 

"მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო, რეპუტაციული იმიჯიც დაზიანებულია საქართველოსი და ესეც ჯდება "ქართული ოცნების“ სცენარში, რომ ჩვენ დავშორდეთ დასავლეთს, რომ დასავლეთმა აღარ განგვიხილოს, როგორც სანდო პარტნიორი, რომ უცხოელები აღარ ჩამოვიდნენ ქვეყანაში, ამის შედეგად, ინვესტიცია აღარ შემოვა და ჩვენ აღმოვჩნდებით იზოლაციაში,"- აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე.

"გირჩის" წარმომადგენელი სანდრო რაქვიაშვილი კი ფიქრობს, რომ მოქალაქეებს თავდაცვის უფლება უნდა ჰქონდეთ. 

"გასაგებია, რომ პოლიციამ შეიძლება უფრო მეტი ენერგია დახარჯოს კრიმინალთან ბრძოლაზე და ნაკლები პოლიტიკურ ამბებზე, გასაგებია, რომ შეიძლება ნაკლები იდეებია პოლიტიკურ ველში და ამიტომ კრიმინალური ქრონიკა პოლიტიკურ ამბად იქცევა. ზოგადად, ტრაგედიები ხდება ხოლმე, სამწუხაროდ, ასეთი სიტუაციები შეიძლება შეიქმნას, მაგრამ ბევრად ეფექტიანი იქნება, რომ ყველა ჩვენს მოქალაქეს თავის დაცვის უფლება ჰქონდეს,"- აცხადებს სანდრო რაქვიაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის მოქალაქე შანაე ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. მისმა მეგობარმა სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავსტრალიის მოქალაქეს ტელეფონზე ელაპარაკებოდა, რა დროსაც, ქალს, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ძებნაში პოლიცია ჩაერთო, 31 ივლისს კი შანაე ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. 

ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები